მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

თამთა ჯანჯღავას ქცევა დანაშაულის ჩადენამდე, მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიასთავის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულები იცნობენ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს და მაღალი რისკი არსებობდა, რომ მათზე რაიმე სახის ზემოქმედება განხორციელებულიყო. ამასთან, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ჯანჯღავამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებაც სცადა.

"როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები თავიდან, ვგულისხმობ, დანას. მან ასევე გამოიცვალა ის მაისური, რომელიც ეცვა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, მოწმეებთან, ვინც არიან დაკითხულები და შემდეგ სასამართლოზეც უნდა დაიკითხონ, აქვთ ახლო ურთიერთობები ორივე ბრალდებულთან და აქედან გამომდინარე, არსებობს მათზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე თამთა ჯანჯღავას ქცევაზე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც იკვეთება საქმეში არსებული ინფორმაციიდან, სავარაუდოდ, იგი უგულებელყოფდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. ეს გარემოება, სხვა სეგმენტებთან ერთობლიობაში, მიანიშნებს, რომ თამთა ჯანჯღავა არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მით უფრო, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, კონფლიქტი ჯერჯერობით ამოწურული არაა", - განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, გიორგი კერატიშვილმა განმარტება გააკეთა თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებთან დაკავშირებითაც.

"რაც შეეხება თამთა ჯანჯღავას შვილებს, სასამართლომ იმსჯელა დაცვის მხარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით. ახლა ისინი იმყოფებიან ნათესავებთან. ბრალდების მხარეს დაევალა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. იგი შეადგენს დოკუმენტალურად ოქმებს. თუ რომელიმე ნათესავი აიღებს თავის თავზე მზრუნველობის გაწევას მცირეწლოვან ბავშვებზე, ბავშვები მასთან დარჩებიან, თუ არა და სახელმწიფო მოიძიებს შესაბამის დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მცირეწლოვანი ბავშვების ნორმალური განვითარება და აღზრდა", - განმარტა გიორგი კერატიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს