სომეხმა არქეოლოგებმა ვაიოც ძორის რაიონში, არენის გამოქვაბულში ტყავის ფეხსაცმლის უძველესი სახეობა აღმოაჩინეს.
როგორც სომეხმა, ირლანდიელმა, ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა არტეფაქტის შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ჩვ.წ.აღ-მდე 3600-3500 წლებში, ენეოლითის პერიოდშია დამზადებული.
ნაპოვნი უძველესი ფეხსაცმელი, რომელიც დამუშავებული ტყავის ნაჭრისგანაა დამზადებული, თივით იყო გატენილი, რაც სავარაუდოდ, მის გათბობას, ან ფორმის შენარჩუნებას განაპირობებდა. ფეხსაცმლის ზომა არცთუ დიდი – 37-ია, თუმცა სწავლულებს ეს მაჩვენებელი მისი მფლობელის სქესზე არ მიანიშნებს, რადგან იმ პერიოდში ადამიანები გაცილებით ტანმორჩილნი იყვნენ და სავსებით შესაძლებელია ფეხსაცმლის მფლობელი მამაკაცი ყოფილიყო.
გამოქვაბულის მიკროკლიმატის წყალობით ფეხსაცმელმა პირვანდელი სახე ათასწლეულების განმავლობაში შეინახა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.