როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი

როგორ დაუბრუნა ლიეტუვამ საქართველოს ნამდვილი სახელი

​გრუზია, ჯორჯია, გეორგია, გურჯისტან - საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, თუმცა, ავთენტური სახელით დღემდე არცერთი სახელმწიფო არ მოგვიხსენიებდა. ეს ტრადიცია ცოტა ხნის წინ ლიეტუვის სახელმწიფომ დაარღვია.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე - ამიერიდან, ჩვენი ქვეყანა მეგობარი ქვეყნის ენაში, არა როგორც "გრუზია", არამედ როგორც "საქართველო" მოიხსენიება.

ამ ყველაფერს წინ მთელი რიგი პროცედურები და დიდი ხნის მუშაობა უძღოდა. როგორც ​ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე აღნიშნავს, საქართველოს ავთენტური დასახელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რთული და ხანგრძლივი პროცესის წარმატებული შედეგია.

"შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვაში ჩემი მუშაობის დაწყების შემდეგ, ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რადგან ამის საფუძველს ლიეტუვის მოქალაქეების მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იძლეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლიეტუვაში ზედმიწევნით იცავენ სახელმწიფო ენას და ამ მიმართულებით ნებისმიერი ცვლილება ან ინოვაცია ხანგრძლივი და ღრმა მსჯელობის საგანი ხდება" - გვითხრა ელჩმა.

სახელის შეცვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ლიეტუვური ენის ენათმეცნიერებთან და ადგილობრივ მედიასთან. ამგვარმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ლიეტუვის საზოგადოებაში დისკუსიების გამართვას და დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების მხარდაჭერას.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გახლავთ ლიეტუვის მხარის მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი და ამავდროულად უაღრესად სიმბოლური ჟესტი, ვინაიდან ჩვენმა ქვეყანამ სწორედ მაისის თვეში იზეიმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი" - განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.

ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს მიეძღვნა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მეგობრობის დასტურად, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური სახელწოდება „ლიეტუვა“-ს დამტკიცების თაობაზე.

ლიეტუვურ ენაში აღნიშნული ცვლილება დადებითად შეაფასეს ლიეტუვის ხელისუფლების მეთაურებმა და განაცხადეს, რომ ამიერიდან მათ მიერ ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოს ავთენტური სახელწოდება. ასე რომ, უკვე ოფიციალურად გამოიყენება შესაბამისი ტერმინოლოგია. მაგალითად,

  • საქართველოს საელჩო: „საქართველო ამბასადა“ Sakartvelo Ambasada (აქამდე Gruzijos Ambasada)
  • ქართველი - Kartvelas (აქამდე Gruzinas)
  • ქართული ენა - kartvelų kalba (აქამდე gruzinųkalba)
  • საქართველოს დედაქალაქი – Sakartvelo sostinė (აქამდე Gruzijos sostinė)

საქართველოს საელჩომ თავის მხრივ გამოცვალა წარწერა ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე და მანამდე არსებული წარწერა „გრუზიოს ამბასადა“-ს მაგივრად დღეს საელჩოს შენობას ამშვენებს „საქართველო ამბასადა“. ქართულ ენაში ლიეტუვის ავთენტური სახელწოდების დამკვიდრების შემდეგ საქართველოს საელჩო აბრაზე უკვე „ლიეტუვის რესპუბლიკას“ დააწერს.

ავტორი: გვანცა კაკაურიძე

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე