გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვები, მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობენ. CNN ფეხბურთელების გუნდის ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბიჭები ფოლგის მოსასხამებში არიან გახვეული და ამბობენ, რომ ჯანმრთელად არიან.

ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად მაშველები რამდენიმე გეგმაზე მუშაობენ. ტალახითა და წყლით დაფარული გვირაბები, სადაც ბიჭებს გავლა მოუწევთ, ძალიან ვიწროა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენელმა ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა განაცხადა, რომ ბავშვების გამოყვანა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, ის ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის იქნება შესაძლებელი ფეხბურთელების ევაკუაცია.

„მხოლოდ იმისი თქმა შემიძლია, რომ ყველა ძალიან ბევრს მუშაობს. ერთი დღე არავის დაუსვენია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ“, - აღნიშნა ოსოტანაკორნმა.

ვიდეო: გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს ევაკუაციისთვის ამზადებენ

იმისთვის, რომ ბიჭები თავს მხნედ გრძნობდნენ, ხელისუფლება ცდილობს სატელეფონო ხაზების დამონტაჟებას გამოქვაბულში, რომ ბავშვებმა მშობლებთან საუბარი შეძლონ.

უკვე 36 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მყვინთავებმა გაუჩინარებულ ბავშვებს გამოქვაბულში მიაგნეს. ამის მიუხედავად, ბიჭების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ევაკუაციის შემთხვევაში ფეხბურთელებს, რომლების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, ხანგრძლივი და სახიფათო ყვინთვა ელით. ბავშვებთან ერთად იმყოფება მათი 25 წლის მწვრთნელიც. გამოქვაბულში გადაადგილება გამოცდილი მყვინთავებისთვისაც კი საკმაოდ რთულია - მათ შორის სპეციალურად მომზადებული ექიმისა და ექთნისთვის, რომლებმაც სამშაბათს ღამე ბავშვებთან და მწვრთნელთან ერთად გაატარეს.

პირველადი შემოწმების შედეგად, ექიმის დასკვნით, ბიჭების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მყვინთავებს ბავშვებთან ცილის მაღალი შემცველობის საკვები შეაქვთ, რომ მათ ენერგიის შენარჩუნება შეძლონ. მაშველები ცდილობენ, ბიჭები ფიზიკურად მოამზადონ რთული ევაკუაციისთვის. ფეხბურთელების ნაწილმა ცურვაც კი არ იცის. მათ ასწავლიან, როგორ მოირგონ სახეზე ჟანგბადის ნიღბები, რომლის საშუალებითაც დატბორილ გვირაბში გადაადგილებისას სუნთქვას შეძლებენ.

ოსოტანაკორნის თქმით, მაშველები ბიჭებს ერთდროულად არ გამოიყვანენ.

„პირველად გამოვლენ ისინი, ვინც მზად იქნებიან. ყოველდღიურად ვაფასებთ მდგომარეობას, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მზად არიან. თუ რაიმე სარისკო იქნება, ევაკუაციის გეგმას არ განვახორციელებთ,“ - აღნიშნა მან.

მართალია, ბავშვები ახლა ჯანმრთელები არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ნებისმიერ დროს შესაძლოა, დაემუქროს. სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ, რაც წყლის დონის აწევას გამოიწვევს და შესაძლოა, კლდის შვერილი, სადაც ფეხბურთელები აფარებენ თავს, წყლით დაიფაროს.

ბოლო დღეების განმავლობაში კარგმა ამინდმა მაშველებს საშუალება მისცა მოემზადებინათ ფანჯარა, საიდანაც ბავშვებს გამოიყვანენ. ჯარისკაცები შეუსვენებლად ვარჯიშობენ ევაკუაციისთვის.

სპეციალისტები ახლა ბავშვების გამოყვანის ყველაზე უსაფრთხო გზებზე მსჯელობენ. 9 დღე საკვების გარეშე, სიბნელეში ყოფნის გამო ბიჭები დასუსტებულები არიან და მწყობრში არც ნერვული სისტემა აქვთ.

გამოქვაბულთან მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ასობით ჟურნალისტი.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი გამოქვაბულში ექსკურსიაზე წავიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ გამოსასვლელი დაიტბორა, გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგი წვიმის სეზონის დროს ხშირად იტბორება, წყალდიდობა სექტემბერ - ოქტომბრამდე გრძელდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე