ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში

ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში

არსებული ინფორმაციით, ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს ათავსებენ და არსებული მდგომარეობის შესახებ წერენ:

"ნენსკრა გადმოვიდა ნაპირებიდან. ერთის მაგივრად ორ კალაპოტს ვეღარ იტევს. ზედა სოფლებიდან ცენტრამდე წალეკილია, ზედა სოფლები მოწყვეტილია. წაღებულია ხიდები, ბოსლები, სახლები, ცენტრი დაფარულია წყლით. სამი სახლი ზუსტად ვიცი რომ წყალში დგას. დანარჩენს ვერ ვგებულობ ჯერ. მთა მოწყდა ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიისკენ. მითხრეს რომ წუხელ ყოფილა ძლიერი წვიმა. მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ გვაქვს ამ ეტაპზე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს.

იხილეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში

ფოტო: ხატია მიქიანი

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა, რომელიც ამჟამად ჭუბერის თემის ცენტრში იმყოფება, განაცხადა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

„10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო