სირიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსეთის ახალი ერთობლივი იერიშების შემდეგ ვითარება კვლავ დაიძაბა. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია "სირიული ობსერვატორია" აცხადებს, რომ ბოლო დაბომბვისას 600 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა, სირიის მთავრობის მეთაურობით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, იორდანიასთან საზღვარზე ძლიერი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის სამიზნე დარაიას პროვინცია იყო. ამ იერიშის დაწყებამდე რუსულ მხარესა და მეამბოხეებს შორის პოზიციების დათმობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა. სამხედრო მოქმედებების ახალ ტალღას, რომელიც რეგიონში 19 ივნისს დაიწყო, რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა და საომარი მოქმედებების ზონა 300 000-მდე ადამიანმა დატოვა...
დასავლური მედიის თქმით, ბაშარ ასადის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება, თუმცა მისი ძალაუფლების შენარჩუნებას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იქამდე იბრძოლებს, ვიდრე მისი მმართველობა სხვა დიქტატორების რეჟიმივით არ დასრულდება.
უცხოური მედიის ცნობით, პუტინი-ტრამპის ჰელსინკში დაგეგმილი შეხვედრის ერთ-ერთი თემა სირიის ომის იქნება. კერძოდ, ამერიკა მოითხოვს სირიიდან ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ძალების გაყვანას. ამის შესახებ Bloomberg თავისი წყაროზე დაყრდნობით წერს.
დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ამერიკის მცდელობამ, ჩართულიყო სირიის კონფლიქტში, მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი დაუბრუნა და ახლა ის პოზიციებს ასე ადვილად არ დათმობს.
"ამერიკას ნათლად არ გამოუხატავს საკუთარი მიზნები, რამდენად სურს მას ტრადიციული როლის თამაში. რუსებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობა. ახლა ისინი თამაშობენ დამბალანსებელის როლს სირიაში", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანის ყოფილი მოადგილე ვიქტორია ნულანდი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
"როდესაც ჩვენ უკან ვიხევთ, ამ ადგილს სხვები იკავებენ. რუსეთის შემთხვევაში ზუსტად ამას ვხედავთ, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. მხოლოდ სირიაში კი არა, ეგვიპტეში, ლიბიასა და სხვა პარტნიორებთანაც... რეგიონული მთავრობები მოსკოვთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მაშინ, როდესაც აქამდე ეს პოზიცია ვაშინგტონს ეკავა", - აცხადებს ვაშინგტონის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი ბარბარა ლიფი.
"ჩვენი გამოცემის წყაროს ცნობით, პუტინმა თითქმის თანხმობა მისცა ამერიკასა და ისრაელს ირანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ორივე ქვეყნის სურვილია, ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა სამხრეთ სირიის ტერიტორია დატოვოს" - აცხადებს Bloomberg–ის წყარო.
საერთაშორისო საკითხებში რუსეთის სახელმწიფოს საბჭოს გენერალური დირექტორის ანდრეი კორტუნოვის შეფასებით, ახლა პუტინის მთავარი ძალა მთავარ მოთამაშეებთან კომპრომისის გამონახვაა... რუსეთში ამერიკის ელჩმა ჯონ ჰასტმანმა კი ეს ფრაზა ასე თარგმნა - "კომპრომისის გამონახვა ბაშარ ასადის რეჟიმის გაგრძელებაა... პუტინი და ტრამპი ერთი ერთზე აპირებენ შეხვედრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სირიისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან თვინიერებით მაინცდამაინც არც ერთ ლიდერი არ გამოირჩევა".
გამოცემის ცნობით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა შესაბამისი საფუძველი შეიქმნას და ამ შეხვედრას ტრამპმა "წარმატებული უწოდოს".
რუსული მედიის ცნობით კი, არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სირია ე.წ. გავლენების ზონებად დაიყოს. დასავლელი ექსპერტების შეფასებით კი, ეს იქნება დროებითი მშვიდობის საფუძველი, თუმცა ლავირების საშუალება ორივე მხარეს ექნება და გარდა ამისა, შესაძლოა ბაშარ ასადის გაჯიუტებამ, შეინარჩუნოს ძალაუფლება, შესაძლოა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.