ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული - მშობლები ამბობენ, რომ ბიჭები მან გადაარჩინა

ტაილანდელი ფეხბურთელების მწვრთნელი, რომელიც ბიჭებთან ერთად მღვიმეშია ჩარჩენილი, 10 წლის ასაკში სიკვდილს გადაურჩა. news.com-ის ინფორმაციით, მისი სოფლის მცხოვრებლები მძიმე სენით დაავადნენ, ოჯახში ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩა.

2003 წელს ეკაპოლ ჩანტავონგის 7 წლის ძმა და მშობლები ეპიდემიამ იმსხვერპლა. 12 წლის ასაკამდე ის სხვა ოჯახმა შეიფარა, რომელიც ეკაპოლს „მოწყენილ, მარტოსულ ბავშვად“ ახასიათებდა.

მწვრთნელის დეიდის, უმპორნ სრივიჩაის თქმით, ნათესავებმა ბიჭი ბუდისტურ მონასტერში გაგზავნეს, სადაც ბერად უნდა მომზადებულიყო. ეკაპოლმა მონასტერში 10 წელი გაატარა, შეისწავლა მედიტაცია, ცხოვრობდა ბერის სამოსით, თუმცა მოგვიანებით მონასტრის მიტოვება მოუხდა, მარტო დარჩენილ ბებიაზე რომ ეზრუნა.

ის ამ დრომდე ხშირად ბრუნდება ხოლმე მონასტერში სხვა ბერებთან ერთად მედიტაციისთვის.

სამი წლის წინ ჩიანგ რაის პროვინციაში, სკოლის ბაზაზე საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. გუნდს „გარეული ტახები“ დაარქვეს და ადგილობრივ შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას.

გუნდის წევრების უმეტესობა ეთნიკური უმცირესობებისა და გაჭირვებული ოჯახების წარმომადგენლები არიან.

ეკაპოლი გუნდის მწვრთნელის თანაშემწე იყო და ბიჭებს ფეხბურთში ყოველდღიურად ამეცადინებდა. მან მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი და თავისუფალი დრო სპორტსმენებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოპარატის თქმით, ეკაპოლმა შეძლო დაენერგა სისტემა, რომლის მიხედვითაც - ფეხბურთელი, რომელიც სკოლაში სწავლის პროცესში წარმატებას მიაღწევდა, ჯილდოდ ტანსაცმელს, ან - ფეხსაცმელს მიიღებდა. ამასთან, ის ცდილობდა სპონსორების მოძიებას, რომ აესრულებინა ბიჭების ოცნება - გამხდარიყვნენ პროფესიონალი სპორტსმენები.

ნოპარატ კატავონგმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები 23 ივნისს ეკაპოლს ჩააბარა. თანაშემწისთვის მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა რომ დაეკისრებინა, კატავონგმა სთხოვა, მოზარდები სხვა სტადიონზე წაეყვანა. სტადიონთან ახლოს ბევრი ჩანჩქერი და გამოქვაბულების ის სისტემა მდებარეობს, სადაც ეკაპოლი სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჯერ კიდევ არის ჩარჩენილი.

ბიჭები გამოქვაბულების სისტემაში შევიდნენ, შესასვლელთან კი ჩანთები და ფეხსაცმელები დატოვეს. მათ სურდათ, კედლებზე საკუთარი სახელები დაეწერათ, თუმცა მღვიმედან გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

მწვრთნელის დეიდა ამბობს, რომ ეკაპოლი მონასტერში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამ პერიოდმა ის „ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელ ადამიანად“ ჩამოაყალიბა. სრივიჩაის თქმით, ეკაპოლმა გამოიმუშავა უნარები, რაც მას და ბიჭებს გადარჩენაში დაეხმარა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანტავონგი შეძლებდა, მოზარდები დაემშვიდებინა და ოპტიმისტურად განეწყო,“ - ამბობს მწვრთნელის დეიდა.

ავსტრალიური პორტალი Springfield Daily Record წერს, რომ ფეხბურთელი ბიჭების მშობლები ეკაპოლის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ შვილები სწორედ მწვრთნელის გამო გადარჩნენ ცოცხლები.

„ის რომ არ ყოფილიყო ბიჭებთან ერთად, რა მოუვიდოდა ჩემს შვილს? როდესაც გარეთ გამოვა, მასზე უნდა ვიზრუნოთ. ეკაპოლ, არასოდეს დაგადანაშაულებთ,“ - ამბობს ერთ-ერთი ბიჭის დედა მედიასთან.

მას სხვა ბავშვების მშობლებიც ეთანხმებიან და ამბობენ, რომ არცერთი მათგანი მწვრთნელს მომხდარში არ ადანაშაულებს.

მღვიმეში ჩარჩენილი მწვრთნელი უარს ამბობდა საკვებზე და ბავშვებს უნაწილებდა. ყოფილი ბერი ცდილობდა, ბავშვებისთვის სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მედიტაციას ასწავლიდა.

რამდენიმე დღის წინ მყვინთავებმა მღვიმიდან ბიჭების წერილები გამოიტანეს. ბლოკნოტიდან ამოხეულ ყვითელ ფურცელზე ეკაპოლმა ბოდიშის წერილი დაუწერა ბიჭების მშობლებს.

„პირობას გაძლევთ, ძალიან გავუფრთხილდები ბავშვებს. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის და პატიებას ვითხოვ“,- წერს ეკაპოლი.

„მე მას ვიცნობ და ვიცი, რომ საკუთარ თავს დაადანაშაულებს,“ - განაცხადა მედიასთან მწვრთნელის მეგობარმა.

ამ დროისთვის მაშველებმა მღვიმიდან 8 მოზარდის გამოყვანა შეძლეს. გამოქვაბულში რჩება გუნდის მწვრთნელი და 4 მოზარდი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე