გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

გაიცანით ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

როდესაც ბრიტანელმა მყვინთავებმა დატბორილ მღვიმეში ფეხბურთელების გაუჩინარებულ გუნდს მიაგნეს, ავსტრალიელი ანესთეზიოლოგი რიჩარდ ჰარისი ტაილანდში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა. ბიჭების ამბის გაგებისთანავე მღვიმეს მიაშურა, რომ მაშველებს დახმარებოდა.

BBC წერს, რომ ჰარისი მყვინთავებთან ერთად ჩავიდა მღვიმეში და იქ სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა, რომლებიც ყველაზე სუსტად გრძნობდნენ თავს, გამოქვაბული პირველებმა დატოვეს.

ექიმი ჰარისი, რომელსაც ჰარის ეძახიან, ბოლო იყო, ვინც დატბორილი მღვიმიდან გამოვიდა.

ზეიმი ექიმისთვის მალე მწუხარებით შეიცვალა - გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ მალევე შეიტყო, რომ მისი მამა გარდაიცვალა.

რიჩარდ ჰარისის ოპერაციაში ჩართვა ტაილანდის მთავრობას ბრიტანელმა მყვინთავებმა სთხოვეს.

„მას ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა,“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა.

ევაკუაციის ოპერაციის ხელმძღვანელმა, ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა კი აღნიშნა, რომ ბიჭების გადასარჩენად ტაილანდის ხელისუფლებისთვის ავსტრალიელების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებული წვლილი კი, მისი თქმით, სწორედ ანესთეზიოლოგ ჰარისს მიუძღვის.

ექიმის მეგობარი, სიუ ქროუ BBC-სთან ამბობს, რომ რიჩარდი თავდაუზოგავი, გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც აუცილებლად შეძლებდა, მღვიმეში ბიჭები დაემშვიდებინა. ქროუს თქმით, მას არაჩვეულებრივად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა.

სოციალურ ქსელებში ექიმს უამრავი ადამიანი უხდის მადლობას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ის „წლის ავსტრალიელად“ უნდა დაასახელონ - ეს ქვეყნის ყველაზე დიდი სამოქალაქო წოდებაა.

რიჩარდ ჰარისი გამოცდილი მყვინთავი და წყალქვეშა ფოტოგრაფია. მას, ასევე, აქვს მღვიმეებში ყვინთვის გამოცდილებაც ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩინეთში.

ერთ-ერთი ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა - ჰარისის მეგობარი, აგნეს მილოვკა გამოქვაბულში უჰაერობის გამო გაიგუდა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰარისმა ძალიან დიდი როლი შეასრულა, ასევე, სტიქიური მოვლენების დროს წყნარი ოკეანის რეგიონში, მონაწილეობა მიიღო ვანუატუში, ავსტრალიის მისიაშიც.

მან თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა ვეტერინარ ქრეიგ ჩელენს, რომელიც გამოქვაბულში ჰარისთან ერთად იმყოფებოდა.

ექიმი და ჩელენი იმ ოც ავსტრალიელს შორის იყვნენ, რომლებიც ტაილანდის ხელისუფლებას გადარჩენის ოპერაციაში ეხმარებოდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე