3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები

3 ახალი სახე სამთავრობო კაბინეტში - გაიცანით მინისტრები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება.

სამთავრობო კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

მიხეილ ბატიაშვილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

უფრო ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. იყო „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელი (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი). ბატიაშვილი არის საკონსულტაციო კომპანია “IPN Consulting”-ის თანადამფუძნებელი.

როგორც პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.

"მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ივანე მაჭავარიანი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997 წლიდან მუშაობდა კომპანია "ჯეოსელში", სადაც კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი იყო. 2013 წლიდან კი "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი გახლდათ.

როგორც პრემიერმა მისი წარდგენისას აღნიშნა, მთავრობის რეფორმების დიდი ნაწილი ციფრულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ივანე მაჭავარიანის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით არის თვალსაჩინო.

"ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელია სონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას.

ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ქობულია

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და მინისტრად დანიშვნამდე უფროსი პარტნიორის რანგში იყო McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევდა კონსულტირებას. მათ შორის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელ კომპანიებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქობულიას გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გამოცდილება აქვს, ასევე გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის სფეროშიც.

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია. ის ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზიში“. ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. „მაქკინზის“ სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექონოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის ძალიან დიდი ნაწილი.

მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები