ავტორი:

რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია

რეფორმა, რომელმაც "მეფე პუტინის" რეიტინგი დაანგრია

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო - 80%-ს აჭარბებდა და ანალიტიკური ცენტრის Левада Центр-ის გამოკითხვის თანახმად, ცნობილი იყო, რომ მას რეალური ოპონენტი არ ჰყავდა... თუმცა, რამდენიმე დღის წინ, რაც რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გახდა ცნობილი, პუტინის რეიტინგი ერთბაშად დაეცა...

პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით, საპენსიო ასაკის გაზრდა ეტაპობრივად მოხდება. პროექტის მიხედვით, 2028 წლიდან საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი გახდება, 2034 წელს - ქალებისთვის საპენსიო ასაკი 63 წლამდე გაიზრდება. რუსეთის პრემიერის აზრით, აღნიშნული გეგმა მთავრობას პენსიის გაზრდის საშუალებას მისცემს.

რუსეთში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გაზარდოს საპენსიო ასაკი, რადგან ამ შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საპენსიო ასაკამდე ვერ იცოცხლებს... ამჟამად რუსეთში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წლით, ქალებისთვის კი 55 წლით განისაზღვრება.

პუტინის ხელისუფლება შეეცადა, ეს ამბები კარგი სიახლეებით გადაეფარა - თუნდაც, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის გუნდის მეოთხედფინალში გასვლით, თუმცა, არ გამოუვიდა და მისი ზენიტში მყოფი პოპულარობა დაღმართისკენ წავიდა - ერთ კვირაში პრეზიდენტის რეიტინგი 8 %-ით დაეცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, "პრეზიდენტი აცნობიერებს ხალხის რეაქციას".

რუსეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, 40-50 წლამდე ქალები ამბობენ, რომ მათ ეს თემა ძალიან აშფოთებთ, რადგან როდესაც ისინი 60 წლის იქნებიან, სამსახურის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, პენსია კი არ ექნებათ.

რუსი ექსპერტებით ცნობით, რეფორმა აუცილებელია, რათა ქვეყნის ეკონომიკის ორმაგი დატვირთვის კომპენსაცია მოხდეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანდათან ინგრევა... თუმცა, მათივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოსალოდნელი პროტესტის ტალღა უნდა გაეთვალა.

“კრემლში ეგონათ, რომ ყველა უსიამოვნო სიახლეს ფეხბურთით გადაფარავდნენ, თუმცა ასე არ გამოვიდა - მოსახლეობა ხვდება, რომ ქვეყანა ჩემპიონატის შემდეგაც განაგრძობს ცხოვრებას... მართალია, რუსეთის ხელისუფლება მედიას თითქმის სრულად აკონტროლებს და პროპაგანდაც შესანიშნავად მუშაობს, თუმცა, მოსახლეობა მაინც ხვდება, რომ რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობაც რუსეთის პენსიებით ცხოვრობს...

რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახება, - ტყუილია, რადგან იქ ეკონომიკა, პრაქტიკულად არ არსებობს და მოსახლეობა მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული... ასე რომ, მთლიანობაში “ახალი საპენსიო ასაკი” მისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან მძიმე იქნება” - აცხადებს სოციოლოგი და ეკონომისტი ლეონტი ბიზოვი.

იგივე აზრზეა Eurasia Group-ის ანალიტიკოსი ჯეისონ ბუში, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი არჩევნების შემდეგ ბევრად უფრო მყარად გრძნობს თავს, ეს სიახლე მას, როგორც “რეიტინგების მოყვარულ ფიგურას”, სერიოზულ პოლიტიკურ სირთულეებსა და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის. რუსი ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სანქციების ფონზე არსებული კრიზისის მოგვარებას ამ გზით ებრძვის. ახლა მთავარია, რას მოიფიქრებს პუტინი “ძველი დიდების დასაბრუნებლად”, რადგან მძიმე სოციალური კრიზისის დროს, გამოსავლის პოვნა მას კარგად ეხერხება...

“საპენსიო რეფორმამ პუტინის რეიტინგი დაანგრია, მოსახლეობას მუდმივად აჯერებენ და მათაც სჯერათ, რომ ქვეყანაში ყველაფერს პუტინი წყვეტს და აგვარებს, ახლა კი თურმე ირკვევა, რომ ამ კრიზისის ფონზე საპენსიო ასაკი იზრდება... ანუ რა ხდება? თურმე, პუტინი მეფე აღარ არის!" - აცხადებს პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი.

ანალიტიკოს ანდრეი კოლიადინის თქმით, "პუტინს ამ გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად ეს დრო შემთხვევით არ აურჩევია - ეგონა, ჩემპიონატს ამოეფარებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, როდესაც საქმე ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ამ საფრთხის კომპენსაცია არ არსებობს, ამიტომ დაინგრა პუტინის რეიტინგი და სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია..."

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე