პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება

პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება

მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებაში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს პრემიერი.

ნახეთ ასევე: 3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია, 160 მლნ დოლარის შემოსავლით - ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად დაისჯება.

„საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რომელიც გაუფრთხილებლობით ან უსაფრთხოების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის მოსპობას ითვალისწინებს. თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ტრაგედიაზე არის პასუხისმგებელი. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს, ორი თვის წინ ვსაუბრობდით ექვსი ადამიანის დაღუპვაზე, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები იქნება მთავრობასთან, მფლობელებთან და გამოძიებას დაველოდოთ“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მინდელის შახტში გამოძიება ჩატარებულია და დასკვნა დაიდო, თუ რა უნდა გამოსწორებულიყო.

„გასაგებია, რომ შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ეს არის კანონის არსი. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დამსაქმებელმა კეთილი უნდა ინებოს და შრომის უსაფრთხო პირობები უნდა უზრუნველყოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

ხულორდავას განცხადებით, მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება.

“როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა, კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები. ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. მესმის, რომ მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება. დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები