სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა

სამშობიაროში ბავშვები აერიათ და ორი ქალი ერთმანეთის შვილს ზრდიდა - 40 წლის წინ დაწყებული ამბავი, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა

დედები, რომლებიც სამშობიაროში დაშვებული შეცდომის გამო წლების მანძილზე ერთმანეთის შვილებს ზრდიდნენ, თითო მილიონ რუბლს მიიღებენ. პერმის სამშობიაროდან დაწყებული ამბავი, რომელსაც რუსული საინფორმაციო საშუალებები „სანტა ბარბარას“ უწოდებენ, ბოლოსდაბოლოს, დასრულდა.

„კმაყოფილი ვარ თუ არა, არ შემიძლია თქმა, ძალიან დავიღალე,“ - განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა დედამ რიმა შვეცოვამ.

ყველაფერი 1978 წლის 7 მარტს დაიწყო. ორმა პაციენტმა სამშობიაროში ერთსა და იმავე დროს იმშობიარა.

„გოგონა დილით, 11 საათზე გავაჩინე. არ მახსოვს, მაჩვენეს თუ არა ბავშვი. ცუდად გავხდი,“ - იხსენებს იულია საველიევა.

იმავე დროს გააჩინა გოგონა რიმა შვეცოვამაც. თუმცა, მეანები, როგორც ჩანს, სახლში წასვლას ჩქარობდნენ და ბავშვები ერთმანეთში აერიათ.

რაც უფრო იზრდებოდნენ გოგონები, მშობლებთან მათი სხვაობა სულ უფრო შესამჩნევი იყო. ტატიანა - შავგვრემანია, ვერონიკა - ქერა. თანაც, საქმე მხოლოდ გარეგნობაში არ იყო, ერთ-ერთი მათგანი ემოციურია და ფეთქებადი, მეორე - მშვიდი. საქმე თითქმის ტრაგედიამდე მივიდა - რიმა შვეცოვას ქმარმა ბავშვის გაგუდვა სცადა, რადგან ეგონა, რომ ცოლმა უღალატა, ბოლოს კი ოჯახიდან წავიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. ქალი ვერონიკას და მის სამ და-ძმას ერთად ზრდიდა.

„დედა მეუბნებოდა, რომ ქმარს ჩემ გამო გაშორდა. ამაში ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,“ - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ვერონიკა შვეცოვამ.

ვერონიკა შვილთან ერთად

მისგან განსხვავებით ტატიანა მშვიდ, სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდა.

„მშობლები არაჩვეულებრივად მეპყრობოდნენ. აზრადაც ვერ დავუშვებდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა,“ - განაცხადა ტატიანა საველიევამ.

ტატიანა

ოჯახებს ეჭვი, რომ მათი შვილები სამშობიაროს თანამშრომლებს ერთმანეთში აერიათ, ბავშვების მცირე ასაკიდანვე გაუჩნდათ. ვერონიკას დედას და საველიევებს ურთიერთობა მუდმივად ჰქონდათ. რიმა ყურადღებით ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდა ტანია, როგორი ბავშვობა ჰქონდა. ის ამბობს, რომ ტატიანა ძალიან ჰგავდა მის უფროს შვილებს.

იგივე ეჭვი ჰქონდათ საველიევებსაც, თუმცა 40 წლის წინ შეუძლებელი იყო დასადასტურებლად რაიმე ანალიზის გაკეთება. ქალაქში ყველა ჭორაობდა, რომ შვილები მშობლებს არ ჰგავდნენ, თუმცა ორივე დედა მაქსიმალურად ცდილობდა, შვილები ჭორაობისგან დაეცვათ.

ტესტი ტატიანამ და ვერონიკამ წელს გაიკეთეს. შედეგმა კი აჩვენა, რომ გოგონები არაბიოლოგიურ მშობლებთან იზრდებოდნენ. რაც შეეხება კომპენსაციას, დედები 12 მილიონ რუბლს ითხოვდნენ, თუმცა ბევრად მცირე თანხა ერგოთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს