"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

"უბედურებიდან 7 წელი გავიდა..." - რას წერს გოგონა, რომელიც ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს

ნორვეგიაში, კუნძულ ოტოიაზე დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა. ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ორი ტერაქტი განახორციელა. უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში მან 77 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილებს შორის იპოვეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი სიკვდილს გადაურჩა. მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელში თამთას მშობლებმა გოგონა იშვილეს. ნინი უკვე 5 წელია ლიპარტელიანების ოჯახში ცხოვრობს. მან ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 7 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასა და თამთას მშობლებთან თანაცხოვრებაზე წერს:

"2011 წლის 22 ივლისი, დღე, როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის სიკვდილიც მეხის გავარდნას ჰგავდა ახლობელი ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის, ყველა განიცდიდა მის გარდაცვალებას, მათ შორის მეც. ოჯახს, რომელსაც ეს გოგონა ბედნიერებას ჰგვრიდა, მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ შეძლეს.

ცხოვრება ძნელია როცა ადამიანს შვილი უკვდება თანაც ერთადერთი, ამ დარდს კი ვერაფერი ცვლის... 2 წლის შემდეგ მე გამოვჩნდი და ამ დარდით სავსე სიცოცხლეს რაღაც იმედი შევძინე. როგორც დედა ამბობს, "ჩვენს სიცოცხლეს აზრი მიეცა შენი გამოჩენის შემდეგ, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა და ღირს ჩვენი ცხოვრება". ნამდვილად გმირია ის ადამიანი ვინც ასეთი უბედურების შემდეგ ხელახლა დაიწყებს ცხოვრებას და უკვე განვლილ წლებს გაიმეორებს, თანაც პირნათლად, ასეთია დედიკო და მამიკო...

ისინი ბევრ ენერგიას ხარჯავენ ჩემი წარმატებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დაგვირგვინდება... თამთა კი ზემოდან დაგვყურებს და ჩვენი ბედნიერებით ხარობს, დამიტოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფებისგან, უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან. მე ვაფასებ მათ ყურადღებას... ამ უბედურებიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ წლები დღეებივით ილევა, ეს ტკივილი კი ისევ ძლიერია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია გაძლებაა. როგორც ჩვენ გვსურს საუკეთესო ადამიანები მრავლად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე ღმერთს თავისთვისაც კარგი უნდა. ისინი გვიტოვებენ ბედნიერ მოგონებებს, რომელთა გახსენებითაც მუდამ იარსებებენ ჩვენს გულებში... თამთა მარად იქნება ჩემში!" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინი ლიპარტელიანი.

ლევან ვასაძე - ერთი პოლიციელი, ჟურნალისტებს რომ არ დაენახათ, წვივებში მირტყამდა წვეტიან ფეხსაცმელებს

ლევან ვასაძე - გპირდებოდით, რომ  შევწყვეტდით კინოსეანსს, მაგრამ პოლიციამ ჩვენზე უხეში ძალა იხმარა

მეუფე გერასიმე ჟურნალისტებს - თქვენ ვისკენ ხართ - მეუფე პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ?