თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?

თემურ აბაზოვის საქმის დეტალები - რა თხოვნით მიმართავენ მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები შალვა თადუმაძეს?

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში იმედოვნებენ, რომ მარნეულის მერი თანამდებობას დაუბრუნდება. უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა ეჭვი, რომ ელჩინ ა., რომელიც აბაზოვის დაკავების საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, "ვიღაცაზე მუშაობდა", თუმცა კონკრეტულად ვისზე, ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაცვის მხარე ამაზე დეტალურად ისაუბრებს.

წაიკითხეთ ასევე: "აბაზოვმა აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე..." - პროკურატურა მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თემურ აბაზოვის კიდევ ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა აბაზოვის საქმეზე 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელა. ადვოკატების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციას და ნეპოტიზმს, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.

იხილეთ ასევე: როგორ ფოტოებს დებდა მერი თემურ აბაზოვი Facebook-სა და Instagram-ზე

"ორი თვის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვება. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ამ ორი თვის განმავლობაში ვერ დაადასტურა თემურ აბაზოვის მიმართ რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებით, რომ რასაც ედავებიან აბაზოვს, ეს შესაძლოა მის მიერ იყოს ჩადენილი. ამიტომ, დაცვის მხარეს გარკვეულწილად შიშიც გაგვიჩნდა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასწორი ან ე.წ. ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

ჩვენ დავინტერესდით ასევე იმით, მერობის პერიოდში რით იყო აბაზოვი დაკავებული, მერობის დროს მასთან კონფლიქტში ხომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი მერობა არ მოსწონდათ. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც აბაზოვი მერი გახდა, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ნეპოტიზმს. ეს არის გამოკითხვაში დაფიქსირებული ადამიანების პოზიცია. ამ ადამიანების ინფორმაციით, კანონის ფარგლებში ხდებოდა ყველა გადაწყვეტილების მიღება მერის მხრიდან. ამ სიტუაციაში შესაძლოა, ძალიან ბევრი დაპირისპირება ყოფილიყო მერთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ისინი, ვისაც მარნეულში თავიანთი ძალების მობილიზება სურდა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს