ავტორი:

სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება

სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დამასკოში ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმების დოკუმენტს.

სირიაში გაფრინდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, რათა დამასკოში “პრეზიდენტ” ანატოლი ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები დააზუსტოს. არსებული ცნობებით, ბიბილოვი ვიზიტის ფარგლებში, ბაშარ ასადსაც უნდა შეხვდეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" ათი წლისთავისთვის, ცხინვალში აპირებს ჩასვლას.

რუსი პოლიტოლოგის, ნიკოლაი სილაევის შეფასებით, ეს ვიზიტი სიმბოლურია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი, “რადგან თანამშრომლობა ორმხრივ სურვილზეა დაფუძნებული და ამის დასტურია ბოლო დროს გააქტიურებული დიპლომატიური კავშირები. რაც შეეხება ასადის ცხინვალში ვიზიტს, ეს საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, ძალიან მკაფიო ჟესტი იქნებოდა იმისა, რომ სირია აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, დაგეგმავს თუ არა ასადი რუსეთში ვიზიტს...” - ამბობს ის.

ოსი ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სირიამ აფხაზეთთან უფრო ადრე დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებაზე საუბარი, დამასკოში აფხაზეთის ლიდერზე ადრე, ბიბილოვი მიფრინავს, რაც ძალიან ნიშანდობლივია... “ორივე შემთხვევა რუსეთის ძალისხმევით ხდება და დაწინაურდა თუ არა ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი, ეს ცოტა ხანში გაირკვევა," - წერს ოსური მედია.

ამასთან, ოსური მედია იუწყება, რომ აფხაზეთის შემდეგ, სირიიდან რეპატრიაციის საკითხს, ცხინვალის რეგიონშიც განიხილავენ. კერძოდ, მათი თქმით, სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იქ 2 500-ზე მეტი ოსი ცხოვრობდა, რომლებიც შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ. მათი წინაპრები ოსეთიდან ახლო აღმოსავლეთში XIX საუკუნის შუა წლებში, კავკასიური ომების დროს გადასახლდნენ. მეორე ნაკადი XX საუკუნის დასაწყისში ემიგრაციის დროს წავიდა.

“სირიაში ოსურ დიასპორას ცალკე არასდროს უარსებია, ის სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად, ჩერქეზულ დიასპორაში იყო, აფხაზებთან, ყაბარდოელებთან და ადიღეელებთან ერთად. დამასკოში, ალეპოსა და ჰომსში არსებობს დიასპორის დიდი კლუბი, თუმცა, ახლა მათთან კონტაქტი თითქმის შეუძლებელი იქნება...” - აცხადებს აჰმედ ალიბეგოვი, რომელიც “წინაპრების სამშობლოში” 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და სირიაში დარჩენილ ახლობლებთან ურთიერთობას არ წყვეტს.

მისივე თქმით, ახლა სირიაში ძალიან ცოტა ოსი დარჩა, ისინი ომის დროს იორდანიაში, ლიბანში, თურქეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიქცნენ და შესაძლოა, დამასკოში ახლა სულ რაღაც ასამდე ოსი იყოს დარჩენილი.

“ჩვენ იქ 150 წელზე მეტხანს ვცხოვრობდით და 2 ათასს ვაჭარბებდით, შემდეგ კი, ომის გამო დავიფანტეთ. ახლა დამასკოში მხოლოდ რუსულენოვანი ოსების ნაწილი დარჩა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სირიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაღრმავდება,”- აცხადებს ის.

საქმე ის არის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ჩამოვიდნენ ოსი რეპატრიანტები, თუმცა, ადგილობრივმა “ხელმძღვანელობამ” მათზე დიდად არ იზრუნა, მათთვის არც მოქალაქეობა შეუთავაზებიათ, არც საცხოვრებელი ფართები და რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარება, ამიტომაც, მათი ნაწილი ისევ სირიაში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ოსური მედია წერს, წავიდნენ თუ არა, ან სხვა ქვეყანაში გადავიდნენ თუ არა, არც ამისთვის მიუდევნებია ვინმეს თვალი.

ამჯერად, სირიაში დარჩენილ, ან სხვა ქვეყნებში გაფანტულ ოსებს, იმედი აქვთ, რომ მათი “ისტორიულ სამშობლოში” დაბრუნებას უფრო ორგანიზებული ხასიათი ექნება.

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში