ავტორი:

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

ოკუპირებული აფხაზეთის, მთავარი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ოჯახის წევრებმა სააშკარაოზე გამოიტანეს ის პრობლემები, რომელიც დაწესებულებაში დაგროვდა. მათ ადგილობრივ ე.წ. ომბუდსმენს, ასიდა შაკრილს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დაწესებულების ფინანსური პრობლემების გამო, პაციენტები პრაქტიკულად ვერ მკურნალობენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ სკანდალი ხელოვნურად არის ატეხილი, ვინაიდან დაწესებულებისთვის ფინანსური დახმარება არ შეუწყვიტავთ.

როგორც 5 თებერვალს ე.წ. ომბუდსმენმა შაკრილმა განაცხადა, სპეციალიზებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმებმა ბენეფიციართა ოჯახის წევრებს მიმართეს, რათა მათ თავიანთი ოჯახის წევრები შინ წაეყვანათ. ექიმების მიმართვის მიზეზი, ბოლო სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოსთვის ყოველგვარი დაფინანსების არ არსებობა გახდა. ფსიქიატრიული საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ ნორმებს და, შესაბამისად, პაციენტებს ვერც მკურნალობით უზრუნველყოფს.

ექიმების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საავადმყოფო დაფინანსების გარეშე დარჩა. 2019 წელს პაციენტებს 5 თვის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები.

"დაწესებულება დახურულია და ომბუდსმენს ხშირად იქ მოხვედრის შესაძლებლობა არ აქვს, რათა შეამოწმოს, რა ვითარებაა შიგნით და რამდენად ირღვევა პაციენტთა უფლებები. თუმცა, როდესაც იქაურობა ვნახე, ეს ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მაინტერესებდა, სად და რა პირობებში ინახებოდა კვების პროდუქტები - ყველაფერი ცარიელი იყო. მთავარი ექიმი წუხდა, რომ პაციენტებისთვის ხარისხიანი საკვების შეძენა არ შეუძლიათ", - წერს შაკრილი, რომლის თქმითაც, არასტაბილური დაფინანსება არა მხოლოდ პაციენტების მკურნალობაზე, არამედ მათ არასრულსფასოვან კვებაზეც აისახება.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, უამრავ აფხაზურ ოჯახში ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანს სახლის პირობებში მკურნალობენ და ეს ფაქტი ბევრი მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის იმით, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და, ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში, უმძიმესი ვითარებაა, როგორც სპეციალისტების კვალიფიკაციის, ასევე საცხოვრებელი პირობების კუთხით.

"საჩვენებლად რამდენიმე ოთახი ჰქონდათ მოწყობილი, დაწესებულების დანარჩენი ნაწილი კი ომამდელი წლების ნარჩენებია. სინამდვილეში, ავადმყოფებს არათუ მკურნალობენ, საკვებიც კი არ აქვთ მათთვის. წლებია ასეა. საკუთარი ოჯახის წევრი ბევრმა ადამიანმა წამოიყვანა და შინ "მკურნალობს", საჭმელს მაინც აჭმევს თავის ავადმყოფს. არაერთხელ მინახავს დაბმული ადამიანი, რადგან ოჯახს მისი სხვაგვარად მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. უთქვამთ, მედიკამენტის შოვნამდე ასე გვეყოლებაო", - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი, მერი აგუმავა.

"ასობით დაავადებული ადამიანი, ზოგი სასმელით, ზოგი ნარკოტიკით, ან სულაც სტრესისგან შეშლილი, სახლებში გვყავს გამომწყვდეული, რადგან სახელმწიფოს მათი შენახვის, მოვლისა და მკურნალობის თავი არ აქვს. დედას, მამას, ცოლს ან ოჯახის სხვა წევრს არ უნდა იმაზე ფიქრი, რომ მისი ახლობელი მშიერია, უსუსური და მოუვლელი", - წერს ერიკა ჯოპუა.

"კიდევ არის ერთი მიზეზი - მენტალობა. ჩვენს ხალხს არ სურს, ვინმემ მათი ოჯახისკენ თითი გაიშვიროს და თქვას - მათ გიჟი ჰყავთო. ისინი სხვებსაც აავადებენ, გარშემომყოფებსაც პრობლემებს უქმნიან და ხშირად სუიციდამდეც კი მიჰყავთ. პერიოდულად ეს პრობლემები წამოიჭრება, მერე კი, ისევ მიგვავიწყდება და ძველ ჭაობში ვაგრძელებთ ცხოვრებას, სიგიჟისა და განადგურების ზღვარზე", - წერს ივანე მანია.

90-იან წლებში, ომის დაწყებამდე აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი ბიძინა მგალობლიშვილი იყო. მან, ეროვნების განურჩევლად, ასობით ადგილობრივს უმკურნალა. სოხუმის დაცემის შემდეგ, ქართველმა ექიმმა ქალაქი არ დატოვა. 27 სექტემბერს, როდესაც ადგილობრივები სამშვიდობოს გამოდიოდნენ, საკუთარი მანქანით ეხმარებოდა მათ. თავად იქაურობის დატოვებაზე არც უფიქრია. სოხუმის აღებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ის თავის სახლთან ქუჩაში დახვრიტეს...

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება