"აღიაროს დანაშაული... ამის კაცობაც აღარ არის?" - რა ხდება ე.წ მორაგბეების ავარიის საქმეში ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ

"აღიაროს დანაშაული... ამის კაცობაც აღარ არის?" - რა ხდება ე.წ მორაგბეების ავარიის საქმეში ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ

"ჩემთვის ამ ადამიანის ოჯახური ტრაგედია მტკივნეულია, მაგრამ თვალებში ნაცრის შეყრას არავის ვაპატიებ! ნუ მიმტკიცებენ, რომ დანაშაული არ მიუძღვის" - ამბობს მალხაზ პაპასკირი, რომელმაც ზუსტად ორი წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვილი და რძალი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია დაკარგა.

2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავარიამ ქვეყანა შეძრა. ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპნენ "ნისანში" მსხდომი - გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე. BMW X5-ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს და საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

ნუკრი კვინიკაძე, კვირიკაშვილის ადვოკატი:

- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეკოს ბრალეულობა არ იკვეთება. საქმეზე არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურებულია, რომ მას არ აქვს დარღვეული საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი და არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მეკო სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდა, როცა შემხვედრად მომავალი ტრაილერის უკნიდან გამოვარდა მანქანა, რომელიც გასწრებას ცდილობდა. მეკო მას რომ არ შეჯახებოდა, მარჯვნივ მკვეთრად აიღო საჭე, იმ მანქანას ააცილა, მოცურდა და შეეჯახა შემხვედრად მომავალ პაპასკირის მანქანას.

შემთხვევის ადგილას დატოვებულია საბურავების მოცურების კვალი, რომელიც მიანიშნებს, როგორ გადაადგილდებოდა ავტომანქანა. არიან თვითმხილველებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მოცურების ხმაზე გაიხედეს და დაინახეს, როგორ ცდილობდა მეკო მანქანის გასწორებას, მაგრამ ვერ მოახერხაო. ეს მართლაც რთულია.. ექსპერტების დაკითხვაღა დარჩა და გამოძიება მეკოს მათ შემდეგ დაკითხავს.

- როგორც ვიცით, საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა, საბოლოოდ რა დადგინდა?

- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა პირველმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გზაზე არანაირი შემხვედრი მანქანა არ ყოფილა, მერაბ კვირიკაშვილი მიდიოდა სამოძრაო ზოლში და დაეჯახა პაპასკირს. ამ შემთხვევაში იკვეთებოდა მისი ბრალეულობა (წარედგინა კიდეც ბრალი). შემდეგ დაცვის მხარემ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და იმავე უწყებაში ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ მეკოს ბრალეულობა არ იკვეთებოდა. ვინაიდან სასამართლოში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა იდო, ბრალდების მხარის ინიციატივით დაინიშნა მესამე ექსპერტიზა, რომელშიც ყველა ექსპერტი მონაწილეობდა და დაიდო მეორეს ანალოგიური დასკვნა.

- გარდაცვლილის მამა, მეკო კირიკაშვილისგან დღემდე ითხოვს დანაშაულის აღიარებას...

- რა აღიაროს, გადავედი და ძალით დავეჯახეო? ტყუილს ხომ არ იტყვის, რაც მოხდა, იმას ამბობს. არავინ იცის, ვის რა შეგვემთხვევა და რა დაგვემართება. თავად მეკოს ჩაუტარდა ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მის უდანაშაულობას გამორიცხავს უტყუარი მტკიცებულებები, არა ვინმეს ნაამბობი.

მალხაზ პაპასკირი, ავარიაში დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა:

"კვირიკაშვილი დამნაშავეა! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (და რეალურიც) არის პირველადი ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება მისი ბრალეულობა. შემდგომი ექსპერტიზებით საქმეში გამოჩნდა თეთრი მანქანა, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა, ამას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. ეს მანქანა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოწმეებმა პირველად ვერ დაინახეს და მერე გაიხსენეს? ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი თვითმიზანი ამ ადამიანზე შურისძიება, ან მისი დასჯა არ არის, უბრალოდ, მინდა და მოვითხოვ სიმართლის დადგენას. კვირიკაშვილის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაც იყო - 4 ბავშვს მოუკვდა დედა. ამ ტრაგედიაში გიორგი რომც არ ყოფილიყო გარეული და ეს ამბავი გამეგო, ისედაც მძიმედ გადავიტანდი ამ ამბავს და ახლა ეს ჩვენი საერთო პრობლემა და ტკივილია...

მოსამართლეს ვუთხარი, გავიგე, რომ ამ ადამიანისთვის სასჯელის აცილება გინდათ, მაგრამ რატომ გვაფიცებთ სახარებაზე, თუ ტყუილისკენ მივდივართ-მეთქი. პროფესიით მხატვარი ვარ, 21 წელია ეკლესიას ვემსახურები, ჩემთვის ამ საკითხის მორალური კუთხეა მნიშვნელოვანი. ცხოვრება გაივლის, ბავშვებიც გაიზრდებიან, მაგრამ ამ საქმის ყველა მონაწილეს თავისი არასწორი ნაბიჯი მძიმე ტვირთად ექცევათ. კიტრის მოპარვაზე ხომ არაა საუბარი, 4 ადამიანი დაიღუპა და ოჯახები განადგურდა. რას ქვია, მეკო სპორტული დამსახურების გამო არ უნდა დაისაჯოს? სიმართლე გითხრათ, იმხელა ტვირთი აწევს, ძალიან მეცოდება ეს ადამიანი. გვინდა, ამ ადამიანს სასჯელი ავაცილოთ, ოთხი ბავშვი უმამოდ რომ არ გაიზარდოს, მაგრამ რაღა ტყუილით გავათავისუფლოთ? აღიაროს დანაშაული ღვთისა და კაცის წინაშე, რა მოხდა, ამის კაცობაც აღარ არის?

- მერაბ კვირიკაშვილთან გასაუბრების საშუალება თუ მოგეცათ და რას გეუბნებათ?

- შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მორაგბეებთან ერთად მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე არ ვარ დამნაშავეო. სახტად დავრჩი და მის ფსიქიკურ პრობლემად მივიჩნიე, ჩავთვალე, რომ სტრესულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ შემდეგ დავასკვენი, რომ ეს იყო გათვლილი ნაბიჯი. ყველაფრის გაგება შეიძლება, მაგრამ ამისთანა უნამუსობის - არა. არ ვარ ის კაცი, გავეკიდო და დავახრჩო, მართლა გასაზრდელია 4 შვილი. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და 6 თვეა, რაც ჭკუაზე მოვედი, ისე მძიმედ ვიყავი, საუბარიც არ შემეძლო. ამხელა უბედურება მოხდა და კვირიკაშვილის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ჩემი ფეხით მივიდოდი პოლიციაში.

რაგბის ფედერაციამ - რატომ უნდა დავიჭიროთ მეკო, რაგბის მოყვარულებს გაახარებსო. რაღაც მორალური მხარეც ხომ უნდა არსებობდეს? სიმართლეს ჯერჯერობით ვერ ვპოულობ, წავიდე და სარალიძეს მივუჯდე გვერდით? რა გავაკეთო? სასამართლო თუ გაამართლებს, პროცესი გაგრძელდება, აუცილებლად გავასაჩივრებთ. კვირიკაშვილის გამართლება ვიღაცის დანაშაულის ხარჯზე მოხდება და მერე ბრძოლას მისი მიმართულებით გავაგრძელებ. ჩემთვის ამ ადამიანის ოჯახური ტრაგედია მტკივნეულია, მაგრამ თვალებში ნაცრის შეყრას არავის ვაპატიებ, ნუ მიმტკიცებენ, რომ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის უბედური ჩემი შვილის სიკვდილში.

ჩემს პატარა, ობლად დარჩენილ კატოს ხან რით ვუხსნით მშობლების არყოფნას, ხან რით. გვეკითხება, გიორგის და ნუცას რომ დავურეკოთ, ჩემს დაბადების დღეზე მოვლენო? წარმოიდგინეთ, ჩემთვის რა მძიმეა ასეთი ყოფა... მე არავის შურისძიება არ მწადია, მაგრამ ამისთანა უსინდისობას არავის ვაპატიებ, არც ღვთის, არც შვილებისა და ხალხის წინაშე ვიქნები მართალი. ახლა პატიების თხოვნა გამორიცხულია. არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხევ. პატიების თხოვნა თუ იქნება, ახლა უკვე ოფიციალურად და ყველას დასანახად უნდა იყოს. არავის ვათქმევინებ, რაღაცის ხარჯზე ვაპატიე, ისედაც ბევრი რამ დამაბრალეს... ეს იქნება ღიად და ყველას დასანახად, არაფერზე შეთანხმებას არ ვაპირებ.

ავტორი: ნანა ფიცხელაური

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი