ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია

ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს - ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლია

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის გაუპატიურების მუხლით წაუყენა.

ვეფხია ბაქრაძეს გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ მას ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვეფხია ბაქრაძეს ჯამში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“, ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ვეფხია ბაქრაძე იმ პოზიციაზეა, რაც დაკავებისას ჰქონდა. კერძოდ, ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს. სხვა ბრალდებებს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ბრალდებული არ ეთანხმება.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება დაკავებულს ედავება, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს