ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

საქმის მასალების გადმოცემისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავღანეთში სავაჭრო ობიექტში მომხდარ ქურდობის ფაქტს და და მასში 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის შესაძლო მონაწილეობას ეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება. წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3 600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე. ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთის საერთაშორიოსო სამხედრო მისიაში მყოფი ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამში დისლოცირებული ბატალიონის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ოთხმა ქართველმა სამხედრომ ნივთები მოიპარა, რომელიც ჩხრეკის დროს მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა. ფაქტი 24 ივლისს მოხდა. მოპარული ნივთების ოდენობა 3600 ლარია.

„რუსთავი2“-თან საუბარში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ქართველი სამხედოები პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

„პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებული ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტებზე მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელების და მათ შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივ იმყოფებიან ბაზაზე, არ არიან დაკავებული. ჩვეულებრივ აგრძელებენ სამსახურს. მე მათთან უშუალო კონტაქტი არ მქონია. ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე“, – განაცხადა კახა ტაბატაძემ სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, ქართული მხარისთვის საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ქართველ სამხედროებს რამე ბრალი მიუძღვით აღნიშნული ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მათ საქართველოში დააბრუნებენ.

„როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუ გამოკვეთს ქართული სამხედო პოლიცია ამერიკულ სამხედო პოლიციასთან კოორდინაციაში, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რამე ბრალი მიუძღვის ამ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მათ საქართველოში დააბრუნებენ. ფაქტი არის მტკივნეულად აღქმული მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ავღანეთში საქართველოს უფროსი წარმომადგენლობის და მთლიანად პირადი შემადგენლობის მიერ“, - განაცხადა კახა ტაბატაძემ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?