"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?

"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

დამასკოში ვიზიტის დროს ბიბილოვმა სირიის ლიდერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე დაპატიჟა.

„ჩვენი ხალხის სახელით ასადი ჩვენს რესპუბლიკაში დავპატიჟე და მან ეს მოწვევა მიიღო. ჩამოვა თუ არა ის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე, ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

თუმცა, მისივე თქმით, ასადმა საპასუხო ვიზიტის განხორციელების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი თარიღი კი სირიაში არსებულ სიტუაციაზე და ასადის მჭიდრო სამუშაო განრიგზე იქნება დამოკიდებული.

„ასადი სამხრეთ ოსეთში აუცილებლად ჩამოვა. გამომშვიდობებისას მან თქვა: „სამხრეთ ოსეთში შეხვედრამდე!“ - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კონტაქტები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან“.

„სირია სამხრეთ ოსეთს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს ცხინვალის ინტერესების წინ წაწევას რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროებში.

„სირიის გარდა, ჩვენს დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო“, - აღნიშნა მან.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი