ავტორი:

"პოლიტიკური დევნა" "პუტინის ძმებზე" თუ დამნაშავეების დასჯა? - სომხეთში მიმდინარე პროცესები რუსეთს აბრაზებს

"პოლიტიკური დევნა" "პუტინის ძმებზე" თუ დამნაშავეების დასჯა? - სომხეთში მიმდინარე პროცესები რუსეთს აბრაზებს

რუსეთი სომხეთში მიმდინარე საშინაო პროცესებით უკმაყოფილოა. რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის ახალი ხელისუფლება დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კერძოდ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ სომხეთში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ამასთან, ლავროვის თქმით, "სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი შეშფოთებულია დსთ-ს სივრცეში მომუშავე იმ ორგანიზაციების მუშაობითაც, რომელშიც სომხეთიც მონაწილეობს".

სომხეთში უკვე აღარ მსჯელობენ, არის თუ არა სომხეთი გზაგასაყარზე. "ახლა იმაზე უნდა იმუშაოს სომხეთმა, რამდენად კონსტრუქციულად იმოქმედებს, რათა რუსეთისგან დისტანცირება შეძლოს,"- წერს სომხური მედია.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, თითქოს სომხეთში გროვდებოდა ხელმოწერები გიუმრის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნით. რუსული და სომხური მედიის თანახმად, ეს პროექტი სოროსის დაფინანსებულია.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსეთის დუმის ექსცენტრიულმა დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პასუხი არ დააყოვნა.

"რომ არა სომხეთში რუსული ბაზების არსებობა, ყარაბახში ახლა სომხები ასე მშვიდად ვერ იცხოვრებდნენ და საერთოდ, იქ ვერც იარსებებდნენ," - აღნიშნა მან Россия 1-თან საუბრისას.

რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, მას სომხურ საზოგადოებაში ნეგატიური რეაგირება მოჰყვა. განსაკუთრებით მძაფრი შეფასებები იყო სოციალურ ქსელებში, სადაც სომხები წერდნენ, რომ წინა ხელისუფლებების დამსახურებით, რუსეთი სომხეთს თავის შემადგენელ ნაწილადაც კი აღიქვამდა.

გაცილებით თავშეკავებული არიან სომეხი მაღალჩინოსნები, თუმცა მაინც მიაჩნიათ, რომ "რუსეთთან ახლო და მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ სომხეთს ეხება".

სომხეთში უკვე კარგა ხანია დაკავებების სერია დაიწყო, რასაც სერჟ სარგსიანის, ისე რობერტ ქოჩარიანის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირები "შეეწირნენ", მათ შორის თავად ექსპრეზიდენტიც, რომელსაც თითქოს მშვიდი და უზრუნველი სიბერე გარანტირებული უნდა ჰქონოდა.

ქოჩარიანი სომხეთში 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტზე დააპატიმრეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, მიქაელ არუთინიანზე კი, რომელიც უკვე კარგა ხანია სომხეთში აღარ ცხოვრობს, ძებნა გამოცხადდა... ასევე ბრალი წაუყენეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იური ხაჩატუროვსაც, რომელიც გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი პოლიტოლოგის რუბენ მეგრაბიანის შეფასებით, ხაჩატუროვს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან, რომელიც საკმაოდ მჭიდროა. მისივე თქმით, ფაშინიანის ხელისუფლების მიერ დაწყებული სამართლებრივი პროცესები პრაქტიკულად "პუტინის ძმების" წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავს. სწორედ ამიტომაც არის მოსკოვი შეშფოთებული.

"რაც შეეხება რუსული მხარის განცხადებას, თითქოს ფაშინიანმა პირობა დაარღვია, ეს არის წმინდა სპეკულაცია. რას ნიშნავს, ფაშინიანი დაჰპირდა? რუსეთს დაპირდა ჩემი ქვეყნის დამნაშავეებს არ დავსჯიო ან რატომ უნდა დაპირებოდა? გარდა ამისა, ეს სულაც არ არის პოლიტიკური დევნა, მათ მომხდარზე ოდესმე უნდა ეგოთ პასუხი და ეს დღეც დადგა. მათ წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არსებობს, რომლითაც აქამდე არავინ ინტერესდებოდა... მომიტევეთ, მაგრამ რატომ უნდა შეუთანხმოს ერევანმა მოსკოვს თავისი შიდა საკითხები?", - ამბობს მეგრაბიანი.

2008 წლის 1 მარტის მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების თანმხლები პროცესი იყო, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა. მაშინ ქოჩარიანის ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა, ასეულობით კი დაშავდა. ის საქმეები დღემდე გამოუძიებელი იყო. ფაშინიანის ხელისუფლება ამ საქმის დეტალებით უკვე დაინტერესდა და შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ქოჩარიანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, პირველ პირს პრეზიდენტობის წლებში ჩადენილი დანაშაულის გამო პატიმრობა მიესჯება.

მთავარი კითხვა, რა ელოდება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას, ჯერაც პასუხგაუცემელია, რადგან სომეხი ექსპერტების თქმით, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უკვე წლებია ცალმხრივ მოძრაობას დაემსგავსა.

"არადა, სომხეთს ნამდვილად აქვს პოტენციალი ასე უინტერესოდ, ერთი დინების მიმართულებით არ იმოძრაოს... უბრალოდ, მისი ადრინდელი მმართველობების დამსახურებით, ის რუსეთის იმპერიის მსხვერპლის როლში იყო და არაფრის შეცვლას არ ცდილობდა. ახლა ხშირად ისმის კითხვა, თუ არა რუსეთი, სხვა ვინ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი ყველა სფეროში? იქნებ ჩინეთი, ან თუნდაც დასავლეთი. სომხეთს ხომ აქვს უფლება, თავად აირჩიოს მიმართულება?" - წერს სომეხი პოლიტოლოგი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე