ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად

ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის, გზებზე ბევრი ისეთი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც ისე ბოლავს, რომ ყველაფერს შავ კვამლში ხვევს. არც არის გასაკვირი, საქართველოს მთელი ავტოპარკის თითქმის ნახევარი - 46%, 20 წელზე მეტი ხნისაა.

ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე: "ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედებისას ხელისუფლებამ გარკვეულწილად ლოიალური მიდგომები აირჩია და მსოფლიოში მიღებული სტანდარტები ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით დასწია. შედეგად, ტრანსპორტი შემოწმებისას შესაძლოა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი გადაადგილებისას შესამჩნევი იყოს მცირე ბოლვა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვაქვს დიზელისძრავიან ავტომობილებში და მათთვის ძრავის ბოლვის კოეფიციენტი 3-მდე განისაზღვრა. რა თქმა უნდა, არსებული სტანდარტითაც კი, ტექდათვალიერებას ვერ გადიან ის ავტომობილები, რომელთა ძრავაც მძიმე ჭვარტლსა და ლითონებს გამოყოფს, მათ ახარვეზებენ და ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაციას აძლევენ.

მაგრამ თავს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს, კერძოდ, კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს და ვიდეომასალაც, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების ცენტრში ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - მისი გამონაბოლქვის კოეფიციენტი რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმას, შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება რამდენიმე საათში კვლავ შემოდის ცენტრში და იმავე გამზომ ხელსაწყოზე შემოწმებისას პარამეტრები უკვე ნორმაშია. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ავტომობილის პირველადი ინსპექტირებისას 7,5 იყო გამონაბოლქვის კოეფიციენტი, განმეორებით ინსპექტირების დროს კი ხელსაწყომ 0,7 აჩვენა. საწვავი და საცხებ-საპოხი მასალებიც რომ შეცვალოს მძღოლმა, ამგვარ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ვვარაუდობთ, რომ მძღოლები მანიპულაციებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც მითხრა, რომ ტექინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე მაყუჩზე ასმილილიტრიან პოლიეთილენის ბოთლს ამაგრებენ და ძრავას რამდენიმე წუთს მაღალ ბრუნზე ამუშავებენ, რაც ასევე "კარგ" შედეგს იძლევა ინსპექტირებისას. არადა, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ელექტრონული სისტემით ხდება და პერსონალი გამზომი ხელსაწყოს მონაცემებში ვერ ერევა. მოკლედ, იმის ნაცვლად, დახარვეზებული ავტომობილის მძღოლებმა მანქანის შიგაწვის ძრავა მოაწესრიგონ, რაც ნამდვილად არ არის იაფი, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რომ გაიარონ ტექინსპექტირება.

როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ერთჯერადი ინსპექტირება და ასეთი ავტომობილების მუდმივი მონიტორინგია საჭირო, მათ შორის, საპატრულო ვიდეოკამერების მეშვეობით; ან შესაძლებელია გზებზე დაიდგას ინდიკატორები, რომლებიც გამონაბოლქვის მაჩვენებლებს ზომავენ, ასეთ ავტომობილებს ფოტოს უღებენ და აფიქსირებენ. უნდა გადავიდეთ სხვა ტიპის, შედარებით მაღალტექნოლოგიურ ადმინისტრირებაზე. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ