ავტორი:

ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება

ჯგუფი "სახე" ახალი წევრით და ახალი ალბომით ბრუნდება

24 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ „სახის“ კონცერტი გაიმართება. „20 წელი „სახესთან“ ერთად“ - ასე ჰქვია საღამოს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი, ყველა ძველ ჰიტთან ერთად, 10 ახალ კომპოზიციას წარადგენს, რომლებიც ახალ ალბომშია თავმოყრილი. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი სანდრო შალამბერიძის, ლუკა თოფურიას, ზურა კიკნაძის, აკაკი მაღალაძის, ზურა მახნიაშვილის შემადგენლობით. „სახის“ ახალი წევრი კი, დათო ხუჯაძესა და დათო ფორჩხიძესთან ერთად, გახლავთ მუსიკოსი ბორიკო შხიანი.

კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება: მაიკლ უილიამსი Poetry N Motion-დან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მოცეკვავეთა ჯგუფი და „სახის“ საბავშვო სტუდიის მოსწავლეები. შოუს მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილია, ხმის რეჟისორი კი პაატა ფაცურია.

ღონისძიების და „სახის“ მოღვაწეობის შესახებ მზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელზეც გიორგი რამიშვილი მუშაობს.

გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

- გრძელდება წარმატებული 2018 წელი Check in Georgia-ს ფარგლებში კონცერტების სერია "ბლექ სი არენაზე". 24 აგვისტოს მსმენელს და მაყურებელს საშუალება ექნება, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტს დაესწროს. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი "სახე" 20 წლის გახდა. როგორც ძველი, ასევე ახალი ჰიტებით გაგვახარებენ, რითაც ყველა თაობის მსმენელი ისიამოვნებს.

დათო ხუჯაძე, "სახის" წევრი:

- კარგია და გვიხარია, რომ საშუალება გვაქვს, ამ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა. მადლობა მათ, ვინც ამ კონცერტის ორგანიზებაში დაგვეხმარა და ახლა ასეთ დარბაზში გვიწევს კონცერტის გამართვა. ასეთი რესურსის დარბაზი ევროპის ტერიტორიაზე არ არის და სწორედ იქ უნდა გავმართოთ კონცერტი. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც ამ დარბაზს გააჩნია.

კონცერტზე იქნება როგორც ძველი სიმღერები, რომლებიც ვიცით, ასევე ახალი სიმღერებიც - 10 სიმღერა, რომლებიც მოგვიანებით ალბომადაც გამოვა. მესამე თვეა, ყოველ დღე რეპეტიციები გვაქვს. თავს არ ვზოგავთ, ვიცით, რომ ბევრი ხალხი მოვა და ყველაფერი მაღალ დონზე უნდა გვქონდეს, როგორც საჭიროა.

დათო ფორჩხიძე, "სახის" წევრი:

"არც ერთი კონცერტი წვალების და შრომის გარეშე აქამდე არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც უამრავი ადამიანი დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდგა. მოკლედ, ახლაც უპრეცედენტო შრომა გავწიეთ, თითქმის ბოლო 2 წელია, ამ ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ. ბოლოში გასვლა რთული იყო და ამაში ძალიან დაგვეხმარნენ. შევკრიბეთ ახალი ბენდი. არ იქნება ხმამაღალი განაცხადი და გვექნება უმაღლესი ხარისხის ჟღერადობა, უმაღლესი ხარისხის კონცერტი და ასეთივე სტანდარტს შევთავაზებთ. როგორი ხარისხი და ჟღერადობაც არის ხოლმე საერთოდ პოპმუსიკაში. ასეთი კონცერტი აქამდე ჩვენ არ გვქონია.

"სახეში" ასე ხდებოდა, ვიწყებდი მე რაღაცებს, შემდეგ ჯგუფის წევრები, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებდით და ანგარიშს ვუწევდით. ასეა ახლაც. ჩვენთან ასევე არის სიახლე. შემოგვემატა მაღალი ხარისხის, გამოცდილი მუსიკოსი - ბორიკო შხიანი, რომელთანაც წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა და ასევე საუბარი იმაზე, რომ "სახეში" ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ბოლოს დავითანხმეთ და მუშაობა დავიწყეთ. მოკლედ, ამ ახალი სიმღერების შექმნაში სამივეს დიდი წვლილი მიგვიძღვის. კონცერტზე იქნება მუსიკის სინთეზი, ერთობლიობა თანამედროვე და ცოცხალი მუსიკის, რაც ძალიან საინტერესო იქნება".

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

1-8 მარტს, სავაჭრო ცენტრ „მერანში“ , ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"ჩემი უფრო ერიდებოდათ, საწყალი რეზო კი შეკლული ჰყავდათ" -  ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"