ავტორი:

"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?

"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?

გადაიფიქრებს თუ არა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და თუ მხარდაჭერას განაგრძობს, რამდენად ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას მისი "ერთგულება"? - ეს კითხვები აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აგვისტოს ომის 10 წლის თავზე, სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა ხელისუფლება. მართალია „ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩვნებზე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ამაზე მინიშნება მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა. დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ჯერ არ მიუღიათ.

"ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ცნობილი გახდება, როგორც კი გადაწყდება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბესელიამ. არის თუ არა „ოცნებაში“ ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და არსებობს თუ არა ალბათობა, რომ მისი მხარდაჭერა გადაიფიქრონ - ეს კითხვები ბესელიამ უპასუხოდ დატოვა.

იმაში, რომ შესაძლოა "ოცნებამ" გადაიფიქროს ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ეჭვი პოლიტოლოგებსაც არ ეპარებათ. გია ხუხაშვილი ზურაბიშვილს რამდენიმე რჩევასაც კი აძლევს.

"ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" განწყობები სალომე ზურაბიშვილისთვის სახარბიელო მაინც და მაინც არ არის. თუმცა, პირობა მიცემულია, მაგრამ ეს არ არის გარანტია. პირობა რომ გარანტიად გადაიქცეს, ამისთვის ზურაბიშვილი ეს ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ შეცდომები არ დაუშვას. თუ შეცდომები დაუშვა და მის ოპონენტებს მისცა არგუმენტი, სარისკო გახდება „ოცნებისთვის“ მისი მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადათამაშება.

მთავარი პრობლემა არ არის ის, გახდება თუ არა ის "ოცნების" კანდიდატი, მთავარი პრობლემა არის თავად ზურაბიშვილი რიტორიკა და მისი ქმედებები. ასე რომ, მას ვურჩევ ორკვირიანი შვებულება აიღოს, თვის ბოლომდე სადღაც დაიმალოს, არაფერი გააკეთოს, რომ რამე შეცდომა არ დაუშვას. მაღალი შანსია, რომ მას დააყენებენ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული გარემოებების გამო მოხდეს გადათამაშება. „ოცნება“ ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს და რაღაც ფარსი გაათამაშეს, თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს. ის ავიწყდებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ საზოგადოებაში არ აღიქმება დამოუკიდებელ კანდიდატად", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ზურაბიშვილის მხარდაჭერა "ოცნებაში" ჯერ არც გადაუწყვეტიათ, ამიტომ გადაფიქრების შანსიც 50%-ია.

"მე მგონი, ჯერ არ აქვთ მოფიქრებული, ზურაბიშვილს რეალურად დაუჭერენ თუ არა მხარს. ამაზე მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც გამართულა, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა კობახიძესთან. ასე რომ, როგორც ჩანს, მხარდაჭერის იდეაზე შესაბამისი მუშაობა არ ყოფილა. მეორეს მხრივ, სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ მძაფრი განცხადებები აქვს "ნაციონალებთან" მიმართებაში და ეს შეიძლება აღიზიანებდეს "ოცნების" ნაწილს, რომლისთვისაც ეს სიმძაფრე მისაღები არ არის.

თუკი "ოცნებამ" კანდიდატურა არ დააყენა და არც ვინმეს დაუჭირა მხარი, მაშინ მთავარი ბრძოლა მეორე ტურში გადაინაცვლებს. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი "ნაციონალების" რომელიმე შტო გახდება" - გვითხრა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალისთვის ზურაბიშვილის მხარდაჭერა სარისკო იქნება. ამიტომ იგი არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნებას“ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დაყენება მოუხდეს:

"სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები მისი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის. ის იმეორებს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, მაგრამ შემდეგ დაივიწყა. ზურაბიშვილს იმდენი ცოდვა აქვს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები თანდათან გამოჩნდება. თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას", ზურაბიშვილი სულ გაუნახევრებს" - ამბობს ცინცაძე.

"ის, რომ „ქართული ოცნება“ გადაიფიქრებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ალბათობა დიდია" - ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, მმართველ ძალას ამ პრობლემებში გახვევა არ სჭირდება.

"თუმცა, გააჩნია რომელი კანდიდატები დასახელდებიან კიდევ. არ არის გამორიცხული, მათთვის სასურველი კანდიდატი დასახელდეს და გამოიყენონ, ამიტომ გადაიფიქრონ და ეს ზურაბიშვილს დააბრალონ, რომ მან არაზუსტი განცხადებები გააკეთა. ნუ, რა თქმა უნდა, ასე პრივატულ საუბრებში იტყვიან და საჯაროდ არ განაცხადებენ. გამორიცხულია, რომ კენჭი ბიძინა ივანიშვილმა იყაროს. მას ეს არ სჭირდება. ივანიშვილს არაფერს მოუტანს. რატომ გააკეთოს, ის რაც მისთვის წამგებიანია, არ მესმის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

მისივე თქმით, დარეგისტრირებული კანდიდატებიდან "ოცნების" ფავორიტი ახლა არ ჩანს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს.

"რეგისტრირებული კანდიდატებიდან ჯერ არ ჩანს, მაგრამ იქნებ მომავალში გამოჩნდეს, იმიტომაც თქვა, "ოცნებამ", რომ სულ გვიან დავასახელებთ კანდიდატსო. პიარის თვალსაზრით ეს მომგებიანიც იქნება. იტყვიან, რომ ინსტიტუტი „ოცნებას“ დაუთმესო. ერთადერთი, რაც მათ არ აწყობთ, ეს არის "ნაციონალების" რეანიმაცია", - გვითხრა ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები