ავტორი:

ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"

ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"

83 წლის ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი, ქართული ესტრადის მშვენება, ნანი ბრეგვაძე 16 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ წარდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორც პროფესიონალურად, ასევე ფიზიკურად, შესანიშნავ ფორმაშია. მის პირველ გამოჩენას სცენაზე დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა და დიდხანს უკრავდა ტაშს. კონცერტი Check in Georgia და "ბლექ სი არენას" ქართული ზაფხულის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, აჭარის კაპელასთან, ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან და სტეფანე მღერბრიშვილთან ერთად, შესრულდა ის სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს გენიალურმა კომპოზიტორებმა და ლექსის ავტორებმა ნანისთვის შექმნეს.

კონცერტზე გაჟღერებული ცნობილი მელოდიების ორიგინალური ვერსიების ავტორი და საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ნიკოლოზ რაჭველი, სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეონა ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვრები: ვანო ჭელიძე და გიორგი საყვარელიძე.

"ნანი – სცენის დედოფალი" - ამ სახელწოდების საღამომ მაყურებელში არაჩვეულებრივი ემოციები აღძრა. „არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალბათ, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება" - აღნიშნა საუბარში ერთ-ერთმა მსმენელმა.

მაყურებელმა იხილა უნიკალური მასალები ნანი ბრეგვაძის პირადი არქივიდან, ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ, რომელიც მომღერლის შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ ნანი ბრეგვაძესთან ჩაწერა...

საღამოს სპეციალური სტუმარი "გრემის" მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბოტი გახლდათ, რომლის გამოჩენაც კომპოზიციაზე "ის აქ არის“ განსაკუთრებული გამოდგა. გია ყანჩელის ამ უკვდავი კომპოზიციის შესრულებას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. კრის ბოტიმ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ცნობილი My Funny Valentine–იც შეასრულა, რამაც დარბაზში მსხდომი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

ნანი ბრეგვაძე: "თავიდან ძალიან ვყოყმანობდი, ამხელა დარბაზის შევსება და ჩემი დგომა და მღერა ძალიან ძნელი იყო. ნიკოლოზ რაჭველმა ყველაფერი გათვალა. პატარა სცენები არ მიყვარს, მაგრამ არენაზე არასდროს გამოვსულვარ... მადლიერი და მადლობელი ვარ, რამდენი ხალხი მოვიდა..."

კრის ბოტი: "ჩემთვის დიდი პატივია ნანისთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ბოლო 15 წელია, საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ და არ მინახავს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი ჰარმონიული მუსიკა იქნება, მუსიკა, რომელსაც ქმნიან ქართველი კომპოზიტორები, ნამდვილად შესანიშნავია, აქვს ლამაზი ჟღერადობა. სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი ტრადიცია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ტრადიციის ნაწილი ვარ. უკვე მეცხრედ ვარ საქართველოში და აუცილებლად დავბრუნდები კიდევ".

ანი კავლელიშვილი: "ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის გამართვა ჩემი დიდი სურვილი იყო. ჩემი მიზანი იყო, რომ ქალბატონი ნანი დამდგარიყო ამ სცენაზე და ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს „ბლექ სი არენას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი შედგა..."

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „ქართული ზაფხული არენაზე“ გრძელდება, 24 აგვისტოს მსმენელს „სახის“ კონცერტი ელის, 28 აგვისტოს კი პირველად, „ბლექ სი არენას“ სცენას ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიკავებს. ორივე კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

ფოტო: ილია ბაბურაშვილი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს