ავტორი:

ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები

ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები

ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება. ამერიკის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა თურქეთს მეტი სანქციები დაუწესოს, თუკი ამერიკელი პასტორი - ენდრიუ ბრანსონი არ გათავისუფლდება. ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია იმისთვის, რომ ერდოღანის ხელისუფლება დაფიქრდეს, უღირს თუ არა გაჯიუტება და ამერიკის მოქალაქის პატიმრობაში დატოვება, სანქციების კიდევ ერთი ეტაპის ფასად.

თავის მხრივ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ირწმუნება, რომ ამერიკის მუქარის განხორციელებისთანავე, ანკარა საპასუხო ღონისძიებებს მიმართავს. თურქი მაღალჩინოსანი გამოცემა Anadolu-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თურქეთს არ ეშინია ამერიკის მუქარის და შესაბამისი პასუხისთვისაც მზად არიან.

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, თურქული ლირა 40%-ზე მეტად გაუფასურდა. რამდენიმე დღის წინ კი, ორ ქვეყანას შორის, გამწვავებული “ეკონომიკური ომის” ფონზე, თურქეთში რამდენიმე საერთაშორისო პროექტი შეჩერდა, ინვესტორები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერმა კი ლირის კურსი კიდევ 20%-ით შეარყია.

თურქეთში ეკონომიკური პრობლემების დაწყება შეუმჩნეველი არ დარჩენილა იქ მომუშავე ქართველებისთვის. მათი თქმით, რამდენიმე ქართველმა, რომელიც წლების განმავლობაში თურქულ ოჯახში დამხმარედ, ძიძად ან მომვლელად მუშაობდა, სამსახური დაკარგა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებს, კომპანიებისა და საწარმოების მფლობელებს უცხოელი დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდა დოლარში უწევთ, თავად კი სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას უხდიან.

მედიკო ვაწაძე, იზმირში მცხოვრები ქართველი:

- შესაძლოა, ეს დიდ ქალაქებში ჯერჯერობით არ იგრძნობოდეს, მაგრამ ცვლილება, აშკარად შესამჩნევია - ჩემს გარშემო რამდენიმე ქართველს პირდაპირ გამოუცხადეს, არ გვიღირს თქვენთვის ფულის გადახდა, სამსახურში ხელფასები შეამცირეს, ინვესტიციები შეფერხდა და არ ვიცით რა იქნებაო.

ლადო, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- პირველ ეტაპზე უცხოელ პერსონალს ანაზღაურება 100-200 დოლარით შეუმცირეს, სამსახურსაც გააჩნია. თურქი დამსაქმებლები, საწარმოები და კომპანიები, რომელთაც ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მართლაც ძალიან ბევრი უცხოელი ჰყავთ დასაქმებული (არა მხოლოდ ქართველები), მუშახელს ხელფასს დოლარში უხდიან, სახელმწიფოს კი - ადგილობრივ ეროვნულ ვალუტას, რომლის კურსი ახლა უპრეცედენტოდ დაბალია. შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში ვართ ქართველები. ბიზნესმენმა, ოჯახის მეპატრონემ თუ ჩაის ქარხნის პატრონმა უცხოელ დასაქმებულს თუნდაც 500 დოლარი რომ გადაუხადოს, ეს უკვე 6 ათასი ლირაა, რაც თურქეთისთვის ახლა, ამ პირობებში, ძალიან დიდი ფულია. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების დროს, როდესაც რუსი მფრინავი ჩამოაგდეს და პუტინმა რუსებს აქ ჩამოსვლა აუკრძალა, მათი შეცმირება ძალიან დაეტყო თურქეთის ტურიზმის სფეროს, მაგრამ ასეთი ვითარება არ ყოფილა.

ახლა ბიზნესმენები შოკში არიან - ასობით მუშახელი გაუშვეს. თუ ასე გაგრძელდა, მაქსიმუმ 3-4 თვში კომპანიის დახურვა მოგვიწევსო. არც ჩვენ, აქ დასაქმებულებს გვიღირს დარჩენა, ადრე სახლში გასაგზავნად, 200 დოლარის შესაძენად, 600 ლირა მყოფნიდა, ახლა იგივე თანხა 1250 ლირად ვიყიდე. ხელფასს დოლარში მიხდიან, მაგრამ ჩემი უფროსი შემცირებაზე ალაპარაკდა. ანუ უკვე ვფიქრობ, მიღირს თუ არა დარჩენა...

რამდენიმე უცხოელმა უკვე გაყიდა კომპანია, რომელსაც ამუშავებდა და სახლიც, სადაც ცხოვრობდა, მაგრამ ხელისუფლებამ იაფად გაყიდვის უფლება არ მისცა - მოსახლეობაში პანიკა რომ არ დაიწყოსო, ან ისევ თურქ ბიზნესმენს აყიდინეს. კრიზისი უკვე დაწყებულია და ეს ყველას შეეხო, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელს, დამსაქმებელს და დასაქმებულს.

ლაშა, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- ათ წელზე მეტია ანტალიაში ვარ. ცეკვის სტუდიაში უცხოეთიდან მოცეკვავეების ჩამოყვანაზე ვმუშაობთ. შემდეგ პროდიუსერებთან ერთად ვამზადებთ შოუს, საინტერესო ნომრებს და სხვადასხვა ქალაქში - სასტუმროებში, სანაპიროებსა და ამფითეატრებში წარმოვადგენთ. მათ მეპატრონეებთან კონტრაქტი დოლარში გვაქვს, ისევე, როგორც მოცეკვეებთან. 400-მდე ადამიანი გვყავს. ასეთი სახის პროექტები ადგილობრივი ბიზნესმენების დაფინანსებით ხორციელდება. ამ თვეში 53 მოცეკვავე და შოუმენი დავითხოვეთ, რადგან ხარჯი დიდი იყო - თუ ადრე 1000 დოლარს 3 ათას ლირად ვყიდულობდით, ახლა 7 ათასამდე ავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვითომ არაფერს იმჩნევს, მაგრამ როდემდე დამალავს არ ვიცი. კრიზისი პირველ რიგში დაბალ და საშუალო ფენაზე აისახა. დარბაზში მაყურებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ანუ უცხოელებს მძიმე დრო დაუდგათ და კონცერტებისთვის არ სცხელათ. სურსათის ფასიც გაიზარდა, ოღონდ ჯერჯერობით მცირედით.

ხალხი ამბობს - ჩვენი საშველი არ ყოფილა, შრომა და მშვიდი ცხოვრება გვინდა, მაგრამ ხან ერთი სახელმწიფო გადავიკიდეთ ხან მეორეო. ხმამაღალ პროტესტს ვერ ბედავენ, რადგან აქ ხმა ვინც ამოიღო, ცუდად დაამთავრა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო