ავტორი:

ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?

ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, ესტუმრება თუ არა რომელიმე რეგიონს რუსეთის პრეზიდენტი 26 აგვისტოს. ეს თარიღი ორივე რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია და ორმაგად პრინციპული - რაულ ხაჯიმბასაც, ისევე, როგორც ანატოლი ბიბილოვს, სჭირდება, ოპონენტებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური წინსვლის არარსებობის, მძიმე სოციალური ფონისა და სხვა მოუგვარებელი პრობლემების ფონზე, რუსეთის მხარდაჭერა აჩვენოს.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი ორივე მათგანს მოსკოვში დაიბარებს და სეპარატისტ ლიდერებთან "ოფიციალურ შეხვედრას" გამართავს.

ბოლო დღეებში გააქტიურებული "კეკლუცობა" ორივე მხარეს კარგად ეტყობა. ხაჯიმბა თვითგადარჩენის გზებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, კორუფციის აღმოფხვრის გზებსა და სხვა, მართლაც "ფანტასტიური საკითხების" მოგვარებაზე ალაპარაკდა.

20 აგვისტოს ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაში ნურგალიევს შეხვდა და რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის "ეკონომიკური ურთიერთობების, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ჰუმანიტარული პროგრამების განვითარების გეგმებზე" ესაუბრა.

აფხაზეთის ლიდერს არც ცხინვალის "პრეზიდენტი" ჩამორჩა. ანატოლი ბიბილოვმა 2008 წლის ომის შემდეგ სპეცანგარიშით გაცემული უპროცენტო კრედიტების დაბრუნება მოითხოვა. მისი ბრძანებით, უნდა შეიქმნას ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რათა ე.წ რესტავრაციისთვის გადმორიცხული და შემდეგ გაფლანგული 300 მილიონი რუბლის "ამოღების მექანიზმი შეიმუშაონ".

ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი, ალან ჯუსოვი აცხადებს, რომ საბჭოს არ ჰქონდა უფლება უპროცენტო კრედიტები გაეცა. მისივე თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამ თანხების საკითხები უმეტეს შემთხვევაში დოკუმენტურად არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ეს ცოტა რთული საკითხი იქნება.

Ekhokavkaza-ს ცნობით, 2008 წელს ედუარდ კოკოითის ბრძანებითა და “პრეზიდიუმის” გადაწყვეტილებით, ე.წ. ეროვნულ ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიში. 2009 წელს დაარსდა “სადამკვირვებლო საბჭო”, რომელსაც ხელმძღვანელობდა, მაშინდელი ე.წ. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი ნუგზარ გაბარაევი, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლამდე მუშაობდა. იმავე წელს “გენპროკურატურამ” მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სწორედ იმ თანხის გაფლანგვაში სდებდა ბრალს.

“გაბარაევი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, უარყოფდა სიტყვიერად, რადგან ჩვენთან ხომ კანონი პირობითი ცნებაა. ეს საქმე არავის გამოუძიებია, ასე სიტყვიერი ბრალდებებისა და თავის მართლების რეჟიმში მიმდინარეობს წლებია. გაბარაევის თქმით, ის ამ საბჭოს მიმართ ისეთივე რიგითი წევრის ფუნქციას ასრულებდა, როგორც სხვა. როდესაც ამა თუ იმ ომის მონაწილის ან ვეტერანის დახმარების, ან სულაც მკურნალობის საკითხი დადგებოდა, ისიც ისე სწევდა ხელს, როგორც სხვა, ამბობდა - უნდა დავეხმაროთ, ან არ უნდა დავეხმაროთო.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი, არსენ გაგლოევი, რომელსაც ტუბერკულოზი ჰქონდა, სამკურნალოდ მოსკოვში, ტუბერკულოზის ინსტიტუტში გაგზავნეს, თუმცა, გაბარაევს არ ესმის, ამასთან დაკავშირებით რა პრეტენზია უნდა წაუყენონ, რადგან მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებდა", - წერს გამოცემა.

ამავე საქმეშია გარეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პარლამენტის” ყოფილი წევრი სტანისლავ კოჩიევი, რომლის თქმითაც, მას, როგორც პარლამენტის წარმომადგენელს, მხოლოდ ფორმალურად ჰქონდა უფლება ამ ფინანსების გადანაწილების საქმე ეკონტროლებინა.

“მე ვიცი, როგორ გაიცემოდა ეს თანხები. პარლამენტს მასთან შეხება თითქმის არ ჰქონდა, ის ეთანხმებოდა თანხის გაცემას ან უარს ამბობდა, ფულთან შეხება არ გვქონია. მაშინ ყველაფერს ედუარდ კოკოითის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერი პარტიები წყვეტდნენ. საუბარია, პარტია “ერთიანობასა” და “სახალხო პარტიაზე”. იყო "ჩაწყობებიც".

მაგალითად, ჩვენ ორჯერ გავაპროტესტეთ მაირ სანაკოევისთვის რამდენიმემილიონიანი კრედიტის გაცემა, მაგრამ ის მაინც მიიღო. ბოლო ხანებში სესიებს არც კი ესწრებოდა. თავისი საქმეებით იყო დაკავებული. რამდენად კანონიერად მიიღო მან ეს თანხა, ეს პროკურატურის საქმეა, ისევე, როგორც მისი კონტროლი”, - აცხადებს კოჩიევი, რომლის თქმითაც, არაერთმა კერძო პირმა რამდენიმემილიონიანი უპროცენტო კრედიტი 49 წლის ვადით აიღო. ოსი ე.წ. დეპუტატების თქმით, ვიღაც-ვიღაცეებმა ამ თანხებით ბიზნესი წამოიწყეს და რუსეთში ბინებიც იყიდეს. რამდენიმე მათგანი აფხაზეთის ტურიზმშიც შეეცადა ინვესტიციის დაბანდებას.

ოსური მედიის ინფორმაციით, თანხის გაცემისა და დაბრუნების საკითხებს არავინ იძიებდა, ეს არც დოკუმენტურად ფორმდებოდა, უბრალოდ, პირადი ინტერესებით, “წილში ჩაჯდომით” წყდებოდა და ნაწილდებოდა. კიდევ ერთი დეპუტატის, ამირან დიაკონოვის განცხადებით, თანხა, რომლითაც ვითომ ბიზნეს-პროექტები უნდა დაფინანსებულიყო, ვიღაცეების ჯიბეებში წავიდა, ოღონდ ახლა მხოლოდ დაბალი რანგის პირები დაისჯებიან, მათ უკან მდგომები კი ისევ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობენ.

გაბარაევის თქმით, "იმ ადამიანების გამორჩევა და მკურნალობის დაფინანსებაც, ვისაც დაუფინანსეს, არ იყო სწორი, რადგან ყველა იბრძოდა და დახმარებაც ყველას სჭირდებოდა. არადა, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს თანხა ერთგვარი სუბსიდირება იქნებოდა, ანუ ადამიანები წაიღებდნენ ამ თანხას, გაიხსნებოდა სილამაზის სალონები, მაღაზიები და მეპატრონეები ამ ფულს ეტაპობრივად დააბრუნებდნენ.

ოსური მედიის ცნობით, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხინვალის რეგიონის “დასახმარებლად” 1 123 3 146 რუბლი, 2 125 230 ათასი დოლარი და 23 350 ევრო გადაირიცხა. ამ ეტაპზე ადგილობრივი ე.წ პროკურატურა 240 მილიონი რუბლის ოდენობის უპროცენტო კრედიტის გაცემის საკითხს სწავლობს. ოსური მედია წერს, რომ შესაძლოა, ამ საქმის შედეგად ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა ისევ და ისევ საუბარია დაბალი რანგის პირებზე.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი