ავტორი:

"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები

"ქუჩურმა გარჩევებმა მთელი ქვეყანა დაიპყრო... " -  რატომ გადადგა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი და რა ფაქტებზე საუბრობენ აფხაზები

"ღირსების გადადგომა", "ღირსების მკვლელობა", "ღირსების აღდგენა", "ღირსებისთვის შექმნილი ოჯახი"... ყველანაირი უღირსი საქმე, ბოლო წლებში ღირსების სახელით კეთდება. ყველა ერთად ვხვდებით ან ვერ ვხვდებით, რომ აფხაზეთს გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი აქვს", - ასე ეხმაურებიან აფხაზები ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას (გაბუნიას) გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.

“იძულებული ვარ გადავდგე, რათა საკუთარი ღირსება დავიცვა. ეს გადადგომა არანაირად არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან”, - განაცხადა მან. მისივე განმარტებით, მისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც მას თავს დაესხა ერთ-ერთი პირი და თავში ჭიქა ჩაარტყა. მისი აღშფოთების მიუხედავად, დამნაშავე არ დასაჯეს.

"ვაღიარებ, რომ სუსტი აღმოვჩნდი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობს, არავის ერჩის და კანონმორჩილია, ამ უკანონო სისტემაში, სადაც ქუჩაა მმართველი, იმდენად სუსტია, რომ სხვისი კი არა, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს, სამართალდამცველი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს კლავენ. ასეთ შემთხვევაში კი, ერთადერთი გამოსავალი გადადგომაა, რადგან არ შემიძლია საკუთარი უფლება და ღირსება დავიცვა ასეთი მაღალი თანამდებობიდან", - განაცხადა მან.

ინცინდენტი რამდენიმე დღის წინ სოხუმში მოხდა. ჩხუბის დროს გაბნიას სცემეს. ვინაიდან ჩხუბი და აყალმაყალი აფხაზეთის არც ერთ ქალაქში არ უკვირთ, არც ამ ჩხუბისთვის მიუქცევიათ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე გაბნიამ აფხაზ საზოგადოებას არ შესჩივლა, რომ “უსამართლოდ მოექცნენ.”

“გასულ შაბათ-კვირას 5 ადამიანს ერთმანეთთან სერიოზული სასაუბრო გვქონდა. ეს ყველაფერი ყოველგვარი გრადუსისა და ზეწოლის გარეშე ხდებოდა... ერთ-ერთი მათგანი უცებ წამოდგა და ყოველგვარი აგრესიის გარეშე, ზურგიდან მომიახლოვდა და თავში ძლიერად რაღაც ჩამარტყა, - ეს რაღაც ბოკალი აღმოჩნდა.

ამ საქციელში ვერავითარ მამაკაცობას ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მე მას “ხურდა” ორჯერ დავუბრუნე, მაინც მთელ აფხაზეთში გავრცელდა ხმა, რომ ვიცე-პრეზიდენტს სცემეს”, - განაცხადა მან, თუმცა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, არ დაუკონკრეტებია, მან მხოლოდ ის თქვა, რომ დაუცველობის განცდა აქვს და ამიტომ ტოვებს პოსტს.

მისივე თქმით, “არააფხაზური საქციელია, როდესაც ადამიანს ზურგიდან ეპარები და ურტყამ. თუმცა, აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ 24 საათში გაათავისუფლეს და შემდეგ ის იმ გამომძიებლის ოთახში იჯდა, რომელიც პრაქტიკულად მთლიან სამართლებრივ სისტემას კარნახობს, როგორ მოიქცეს.

გაბნია ასევე ამბობს, რომ აფხაზეთში ოქტომბრის დასაწყისში, კონკრეტულად, 7-9 ოქტომბერს კიდევ ერთი გადატრიალება იგეგმება და მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. მან ასევე 27 მაისის ამბები გაიხსენა, როდესაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება შეიცვალა. გაბნიამ ამ დღეს “აფხაზეთის ისტორიაში არც ისე კარგი დღე უწოდა” (რომელსაც აფხაზები ანქვაბის შამათს უწოდებენ), რადგან იმ დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რუსეთის ბაზაში რამდენიმედღიანი დევნილობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

გაბნიას თქმით, ის განუკითხაობა, რაც ახლა აფხაზეთში მძვინვარებს, გუშინ არ დაწყებულა. “მე არ ვსაუბრობ ქურდულ სისტემაზე, რომელიც თავისი, უკვე მიღებული კოდექსებით არსებობს ჩვენს რეალობაში, ვგულისხმობ ქუჩურ გარჩევებს, რომელმაც უკვე მთლიანი ქვეყანა დაიპყრო და ხელისუფლების ყველა შტოზე აქვს გავლენა...”, - აცხადებს ის და რაულ ხაჯიმბას მიმართავს, ქმედით ზომებს მიმართოს. გაბნია აცხადებს, რომ ის იძულებულია ღირსების დასაცავად საკუთარი ძალებით იბრძოლოს, როგორც 90-იანი წლების ომის “ვეტერანმა” და ლეონ მეფის ორდენის კავალერმა. ის 2014 წლის 24 აგვისტოდან არის რაულ ხაჯიმბას ე.წ. ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი.

აფხაზური მედია წერს, რომ ხაჯიმბას “სახელისუფლებო გუნდი” გაიხლიჩა, რადგან გაბნიას მხარდამჭერები “ცენტრალური ფიგურების” დუმილს აპროტესტებენ. აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ეს წილების გადანაწილებას უკავშირდება, კრიმინალურ ავტორიტეტებს “ხელისუფლების” წევრები უმაგრებენ ზურგს, ისინი წილში არიან და “ზედმეტ მოძრაობასაც” არავის პატიობენ. გაბნიამ კი, “ნამდვილად ზედმეტი მოინდომა.” რის გამოც მას თავში “რანგით” მასზე მაღლა მდგომმა ჩაუკაკუნა.

აფხაზების თქმით, კარგია, რომ გაბნია ძილქუშიდან თავში ბოკალის ჩარტყმამ გამოაფხიზლა, რადგან მთელი 4 წლის განმავლობაში, ის ამ ყველაფერს, მათ შორის ქუჩის “ბესპრიდელს” ვერ ხედავდა.

დავით დასანია, სამოქალაქო აქტივისტი:

- ასეთი “ბარდაკი” აფხაზეთში არასდროს მახსოვს. სახელმწიფო ჩვენს თვალწინ დაიშალა. ჩვენ მომავლის გარეშე გვტოვებენ. ბოლომდე განადგურებამდე ძალიან ცოტა დარჩა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სისულელეა. გაბნიას წასვლა ნიშავს, რომ აქ დაცული არავინაა... გთხოვთ, გააკეთეთ რამე ჩვენს ღმერთისგან დავიწყებულ ქვეყანაში. ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა. ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა ვიმოქმედოთ, ეს აუცილებელია.

დალი ადლეიბა:

- რა ნახა და გაიგო გაბნიამ ახალი? მას ბოკალი ჩაარტყეს თავში და სხვებს უბრალოდ ხოცავენ, დანით, იარაღით, ნარკოტიკით... აქამდე აფხაზეთში არ ცხოვრობდა? არც კი იმსახურებს, ისე გაუმართლა. ამ ოთხი წლის განმალობაში ვითარება კი არ გამოსწორდა, გაუარესდა და ამაში მას ლომის წილი მიუძღვის.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი