თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულნი არიან. ამის შესახებ ალექსანდრე ზახარჩენკოს მრჩეველმა ალექსანდრე კაზაკოვმა განაცხადა.
„ამ მომენტისთვის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. საზღვრები დახურულია. ამ ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულნი არიან“, - განაცხადა ალექსანდრე კაზაკოვმა რუსული ტოკ-შოუ 60 минут-ის ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან.
„ალექსანდრე ზახარჩენკო ჭეშმარიტი სახალხო ლიდერი იყო. ის მამაცი ადამიანი, დონბასის პატრიოტი იყო. თავისი მშობლიური მხარისთვის ურთულეს დროს მის დასაცავად დადგა, თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომელსაც კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან.
„ალექსანდრე ზახარჩენკოს საზარელი მკვლელობა იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მათ, ვინც ტერორისა და ძალადობის გზა აირჩია, არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაჭრა, მათ არ სურთ რეალური დიალოგის წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობასთან. ისინი სახიფათო ფსონს აკეთებენ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, რათა დონბასის ხალხი დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის არაღიარებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქების შედეგად, „რესპუბლიკის“ ე.წ. ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო გარდაიცვალა.
ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობის საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „საერთაშორისო ტერორიზმის აქტის“ მუხლით აღძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
„31 აგვისტოს ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქების ფაქტზე, რომლის შედეგად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი ალექსანდრე ზახარჩენკო დაიღუპა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმის აქტის მუხლით არის აღძრული“, - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სვეტლანა პეტრენკოს თქმით, „ამგვარი ქმედებები მათ შორის მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“.
მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ქმედებები და ღონისძიებები რუსეთისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იქნება განხორციელებული.