ავტორი:

"ასეთი რამ ბოლო წლებში აზრადაც არავის მოსვლია" - ახალგორის ბაღებსა და სკოლებში ქართულად საუბარი აკრძალეს

"ასეთი რამ ბოლო წლებში აზრადაც არავის მოსვლია" - ახალგორის ბაღებსა და სკოლებში ქართულად საუბარი აკრძალეს

"დაივიწყეთ ქართული!" – ამ პათოსით დაიწყო ოკუპირებული ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ახალი სასწავლო წელი. ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია ახალგორის რაიონში დაწესებული "ახალი სტანდარტებით", რომლის ფარგლებშიც რაიონის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს როგორც ერთმანეთთან, ასევე ბავშვებთან ქართულად საუბარი აუკრძალეს.

ახალ საბავშვო ბაღს, რომლის გახსნასაც ე.წ სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი ესწრებოდა, ახალი დირექტორი ალა გუსოევი ჰყავს, რომელიც წარმოშობით წინაგარიდან არის. ადგილობრივების თქმით, მას ცხინვალის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, არავითარი პედაგოგიური განათლება არ აქვს, თუმცა, მკაცრი, მომთხოვნი და რაც მთავარია, ბიბილოვის ნდობით აღჭურვილი პირია.

დირექტორად დანიშვნისთანავე გუსოევმა ბაღის პერსონალს ქართულად საუბარი აუკრძალა. რამდენიმე დღის წინ, მან "ფაქტზე წაასწრო" აღმზრდელსა და ძიძას და ამის გამო მკაცრი საყვედური უთხრა. კიდევ ერთი ვერსიით, მან ორივე მათგანი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ახალგორის საბავშვო ბაღში როგორც ქართველი, ასევე ოსი ბავშვები არიან და თითქმის ვერავინ საუბრობს ოსურ ენაზე, რასაც ვერ ვიტყვით ქართულზე. მეტიც, ადგილობრივების თქმით, თამაშის დროს ოსი ბავშვები ქართულად იწყებენ საუბარს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ასეთ შემთხვევაში ბაღის დირექტორი შენიშვნას ბავშვის მშობლებს აძლევს. მისივე თქმით, რადგან ბავშვები ქართულად საუბრობენ, ეს ნიშნავს, რომ მისი მშობლები სახლშიც ამ ენაზე ლაპარაკობენ.

ასეთ აკრძალვას "უაზროსა და უსაფუძვლოს" უწოდებენ თავად ოსებიც. მათი თქმით, ე.წ. ხელისუფლებას ასეთი სულელური აკრძალვებით უნდა "ვითომ ეროვნული სულისკვეთებისა და მოტივაციის ამაღლება, მაშინ როდესაც "თავად პრეზიდენტი გადარჩენის გზას რუსეთთან შეერთებაში ხედავს".

"სასაცილოა ეს უბადრუკი აკრძალვები, სატირალი რომ არ იყოს... გეტოში ვცხოვრობთ, თუ როგორ?! რა სისულელეა ენის აკრძალვა, თავად რუსულად საუბრობენ და სად არის აქ სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ვითომ შირმად იყენებენ. ეს აკრძალვები ფაშისტური გერმანიის მეთოდებს წააგავს და კარგს არაფერს მოგვიტანს", – წერს ინგა თაზიევი სოციალურ ქსელში.

არის შემთხვევები, როდესაც ასეთი სახის აკრძალვების გამო ბავშვები პროტესტის ნიშნად, ბაღში წასვლაზე უარს ამბობენ. მშობლები დარწმუნებული არიან, რომ ბაღის დირექტორს ბაღის თანამშრომლებს შორის დამსმენი ჰყავს, რომელსაც მასთან დღის განმალობაში მომხდარ მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია მიაქვს.

ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ათი წელია ახალგორის რაიონზე ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ ასეთი რამ - ქართული ენის აკრძალვა აზრად არავის მოსვლია.

მსგავსი აკრძალვა ახალგორის რაიონის სკოლებშიც დაიწყო. ე.წ. განათლების მინისტრმა "ოფიციალურად" მოითხოვა მასწავლებლებისგან, რომ სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეებთან მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე ესაუბრათ...

ოსური მედიის ცნობით, წლების განმალობაში ოსი "მაღალჩინოსნები" ადგილობრივ მოსახლეობას ქართულად ესაუბრებოდნენ, რადგან თუნდაც "ხელმძღვანელ პოზიციებზე" მყოფებიდან ყველამ იცის ქართული, თუმცა ბოლო ხანებში მათ დემონსტრაციულად უარი თქვეს ქართულად საუბარზე და არც ადგილობრივების საუბარზე რეაგირებენ. ახალი ინიციატივა პრობლემებს უქმნის იმ კატეგორიასაც, ვინც ოსური ენა არ იცის.

მთავარი ფოტო: Cominf.org

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი