ავტორი:

ოთარ კახიძე - დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს

ოთარ კახიძე - დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს

ეს იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მაშინ როდესაც დავით სარალიძეს ფარდულში აყენებდნენ ჭრილობებს, ამ ყველაფერს ხედავდა მ.კ, ამ დროს ხელით ეჭირა და მუშტებს ურტყამდა ლავიწის არეში მსხვერპლს. ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ მ.კ.-ს მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მ.კ.-ს მიმართ დევნის დაწყების აუცილებლობას ადასტურებს მტკიცებულებათა ერთობლიობა.

„30 ივლისს, რეკომენდაციის გაცემის დროს, ჩვენ გვქონდა 6 მოწმის ჩვენება, მ.კ.-ს ძმის ჩვენება და თავად მ.კ.-ს ჩვენებები. ეს იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა, რომ მაშინ როდესაც დავით სარალიძეს ფარდულში აყენებდნენ ჭრილობებს, ამ ყველაფერს ხედავდა მ.კ. ამ დროს ხელით ეჭირა და მუშტებს ურტყავდა ლავიწის არეში მსხვერპლს. ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს მოქმედება პროკურორმა ფხაკაძემ შეაფასა როგორც გაშველება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროკურატურა მ.კ.-სთვის ხელის დაფარებას ცდილობს. დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს. მ.კ.-მ აჩვენა საგანი 51-ე სკოლის წინ შეკრებილ თავის მეგობრებს. ეს ჩვენებებითაც დასტურდება და ვიდეოჩანაწერითაც. ჩხუბის დროს მისი გამოყენება დასტურდება მოწმის ჩვენებით და აქ ფიგურირებს სწორედ მჭრელი პირი. ამას ამბობს დამატებითი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მ.კ-მ უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ასევე დასტურდება, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დროს ჯიბეში ჩაიყო ხელი. თქვენ თუ არ გჯერათ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ეს თქვენი პრობლემაა“, - მიმართა კახიძემ უმრავლესობის წევრებს.

ამასთან, საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს მირზა სუბელიანის მიმართ. ეს არის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა კომისიისთვის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით, მოწმეზე ზემოქმედების მიმართულებით და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რადგან ასეთი ტიპის ნიშნები მის განხორციელებულ ქმედებებში შეინიშნება“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს