ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ბაზარზეც არაერთი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სასურველი პროექტის განხორციელებას სთავაზობს. სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ასაწყობ ხის სახლებს ძირითადად აგარაკებისთვის ითხოვენ. როგორც ALLNEWS.GE-სთან საუბრისას კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეკვეთების უმრავლესობა რეგიონებიდანაა. მათი ინფორმაციით, ხის სახლებზე მოთხოვნა დიდია ყაზბეგში, თუშეთში, რაჭაში, გუდაურსა და საქართველოს სხვა ტურისტულ ზონებში.
ლერი გირგვლიანმა ხის სახლების მშენებლობა თითქმის ერთი წელია დაიწყო, ამბობს რომ მოთხოვნა მზარდია და მომავალში მომხმარებლების კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ელის. 100 კვ/მ ხის სახლის მშენებლობა 45 ათასი ლარი ჯდება. კვადრატულის ფასი რემონტის გარეშე 450, ხოლო რემონტით 650 ლარია. მის აწყობას და საბოლოო სახის მიცემას კი საშუალოდ 40 დღე სჭირდება.
"კედლის სისქე 20-24 სმ-ია. მასალის დამუშავება ცეცხლგამძლე ხსნარებითა და სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებებით ხდება, რაც პროდუქციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ყველაზე მოთხოვნადი ნომრის ტიპის, 20-30 კვ/მ ფართის ხის სახლებია, რომლებსაც ძირითადად, ტურისტულ ადგილებში ვაშენებთ. თუ დიდ ფართზეა შეკვეთა, ადგილზე მივდივართ და იქ ვაწყობთ, ხოლო თუ ტრანსპორტირებას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ამის საშუალებაც გვაქვს. რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ხის სახლების მშენებლობას დაარეგულირებს, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდით და ნორმატიული დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ. შეიძლება ითქვას, ხის სახლების მშენებლობის მზა ფორმულაა, რომლის გადახვევა ისედაც შეუძლებელია", - აღნიშნავს ლერი გირგვლიანი. განაგრძეთ კითხვა