ავტორი:

ვინ არიან ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებულები - მათგან ერთ-ერთი 16 წლისაა

ვინ არიან ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებულები - მათგან ერთ-ერთი 16 წლისაა

ფოთში, გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა 42 წლის მამაკაცი, კიდევ სამი ახალგაზრდა კი დაშავდა.

გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი, 42 წლის რომან სიჭინავაა. არსებული ინფორმაციით, რომან სიჭინავა და ორი დაშავებული ღია კაფეში სვამდნენ, რა დროსაც მათ მაგიდასთან მოხდა შემთხვევა. რა ტიპის არის ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვის ჰქონდა ის, ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული შემთხვევით გამვლელია.

სიჭინავას მეზობლებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. "განათლებული და კეთილი ბიჭი იყო. გაჭირვებაში გაიზარდა, რა და როგორ მოხდა, ჩვენ არაფერი ვიცით. არ მუშაობდა, დედ-მამის პენსიით ცხოვრობდა პატიოსნად", - განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეზობელმა ლორა ბერულავამ.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ისინი არიან: 33 წლის გოგა სიგუა, 29 წლის ირაკლი ქუხილავა და 16 წლის ომო ცუცქირიძე.

დაშავებული ირაკლი ქუხილავა ფოთის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გაწერეს, თუმცა მისი ოჯახის მტკიცებით, ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულის ახლობლის დავით ბასილაიას თქმით, ქუხილავას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შოკურ მდგომარეობაში იყო.

„ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამიტომ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა და როგორც ვიცით, დაახლოებით ერთი კვირა კლინიკაში დარჩება", - აღნიშნა დავით ბასილაიამ.

გარდაცვლილი რომან სიჭინავა და ერთ-ერთი დაშავებული გოგა სიგუა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მეზობლები იყვნენ.

„რომანი და გოგა მეზობლები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ. მათ შორის კონფლიქტი არასოდეს მომხდარა. ვის ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და რა მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გოგა მშრომელი და პატიოსანი ბიჭია, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სიგუას ახლობელმა.

ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება.

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილია მამაკაცი, პოლიტრავმით. ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება. ასევე, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა; საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა; გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. ვაგრძელებთ კვლევების ჩატარებას“, - განაცხადა ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ომო ცუცქირიძეა. როგორც ირკვევა, ის აფეთქების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ „ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქამდე ჩასარიცხ აპარატთან იდგა“.

„ამ პირებმა მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ ხმა გაისმა", - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ავტორი: მაია ძაგანია

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო