ავტორი:

ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"

ბიჭვინთელი მაღალჩინოსნის 22 წლის ვაჟმა აფხაზეთში რუსი ტურისტი იმსხვერპლა - "ჩვენებს წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან"

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა გლოვობენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიას, რომელიც სოჭის აეროპორტიდან სოხუმში მიემგზავრებოდა, რა დროსაც გუდაუთაში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. აფხაზური მედიის ცნობით, შემხვედრ ავტომანქანას 22 წლის მძღოლი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა, რაც ბოლო დღეებში მოხდა - რამდენიმე დღის წინ ასევე ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ მყოფი მძღოლი, ფეხით მოსიარულე რუს ტურისტ ქალს დაეჯახა და ადგილზე მოკლა. თუმცა, ე.წ. აფხაზური მილიცია ამ შემთხვევას არ ახმაურებდა. რისი მიზეზიც ის არის, რომ მძღოლი ბიჭვინთის “ადმინისტრაციის უფროსის” შვილია - შესაბამისად, თავისი გავლენებით, შვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადვილად მიჩქმალავს.

აფხაზური მედია ბოლო დღეებში ცდილობდა ე.წ. შსს სამსახურისგან მიეღო ინფორმაცია, თუ რა ხდება მომხდართან დაკავშირებით. მათი დიდი ძალისხმევის შემდეგ, უწყებამ მხოლოდ გუშინ გაავრცელა განცხადება:

“9 სექტემბერს, გვიან ღამე, ფსოუ-ენგურის ტრასაზე, სოფელ ცანდრიფშთან 1996 წელს გაგრაში დაბადებული დანიილ ვანაბა, რომელიც ავტომანქანა “მიცუბიში გრანდისს” არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ქვეითად მოსიარულე, 1977 წელს დაბადებულ მოსკოვის მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიილ ვანაბას წინააღდეგ, “სისხლის სამართლის საქმე" აღიძრა და გამოძიებას გაგრის რაიონული პროკურატურა აწარმოებს” - წერია განცხადებაში.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, არც ერთი მაღალჩინოსნის შვილი ან ოჯახის წევრი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კანონის შესაბამასად არ დასჯილა. ისინი სასამართლო პროცესის ონლაინ რეჟიმში ჩვენებას ითხოვენ, რათა ეს სხვებისთვისაც მაგალითი გახდეს.

დამნაშავის მამა, 55 წლის ნოდარ ვანაბა, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში დაიბადა და 80-იან წლებში, გაგრაში, პანსიონატ Самшитовая роща-ში მუშაობდა - თავიდან ტექნიკურ პერსონალად, შემდეგ კი მექანიზაციის მეთვალყურეობა დაევალა.

2003-2018 წლებში “სახელმწიფო სამსახურის” დაცვაში მუშაობდა და “პოლკოვნიკის” წოდება ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ის ბევრისთვის მოულოდნელად ბიჭვინთის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

“მილიცია ამ ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან ვანაბა დამნაშავე შვილს ხელს აფარებს... არ ვიცი, ოდესმე თუ შეწყდება ეს კოშმარი... ჩვენს მოსახლეობას არაფერი აშინებს, არც ჯვრები, არც ხატები, წმინდანებიც რომ დაუდგნენ წინ, ნარკოტიკზე უარს ვერ იტყვიან, რადგან წლებია ასე ცხოვრობენ, ამას ხედავენ უფროსი თაობისგანაც და მიაჩნიათ, რომ ასეა საჭირო”, - წუხან ადგილობრივები.

“ხედავენ თანატოლებისა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს, სისხლს, ოჯახების ცრემლებს, მაგრამ იგივეს აკეთებენ... ჩვენ კი ვუყურებთ ამ ყველაფერს, ვუყურებთ როგორ კვდება ერი და ვერაფერს ვცვლით. ისევ ერთი და იგივე... ამას წინათ, სოხუმში, ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა და მილიცია ამბობს, რომ დამნაშავე გაიქცა. ქალაქის ცენტრში, სადაც გარშემო კამერებია, მანქანის ნომერი ვერ გაარკვიეს?!”- წერენ აფხაზები.

ავტოსაგზაო შემთხვევისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები კრიტიკით შეხვდნენ სოხუმში რუსული Сбербанк-ის გაძარცვას, რომელიც დღისით შეიარაღებული და ნიღბიანი ადამიანების მონაწილეობით მოხდა.

ბანკის თანამშრომლების თქმით, ბანკის ფილიალში, “კალაშნიკოვით” შეიარაღებული ადამიანები შეცვივდნენ და 250 ათასი რუბლი (2 500 დოლარზე მეტი) ოდენობის თანხა წაიღეს, რასაც ბანკის თანამშრომლების თქმით, “სულ რაღაც ერთი წუთი, უფრო ზუსტად 47 წამი დასჭირდა...”

ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თენგიზ ადლეიბა ირწმუნება, რომ მან განგაშის სიგნალზე ხელის დაჭერა მოასწრო. შედეგად ზუსტად 4 წუთში ადგილზე გაჩნდნენ დაცვის თანამშრომლები, თუმცა, მძარცველები, რომლებიც შუადღეს ცენტრალური კარიდან მშვიდად გავიდნენ – ვერავინ იპოვა.

“იმხელა პროცენტები ჰქონდა, რომ ახია მასზე...”; “გვყლეფდნენ და სესხის მოცემაზე მაინც გვახვეწნინებდნენ...”; “შეერგოს წამღებს - ქვეყანას ბევრი არაფერი დაუკარგავს!” - წერდნენ აფხაზები. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ შუადღეს ბანკის გაძარცვა, ისედაც დაქცეულ “ეკონომიკაზე” კიდევ უფრო ცუდად აისახება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი