ავტორი:

"დაკანონებული სიკვდილი" - რუსეთში დუელის დაბრუნებაზე საუბრობენ, სადაც "სპეციალური კოდით" ჟურნალისტებსაც გაიწვევენ

"დაკანონებული სიკვდილი" - რუსეთში დუელის დაბრუნებაზე საუბრობენ, სადაც "სპეციალური კოდით" ჟურნალისტებსაც გაიწვევენ

"კიდევ ერთი ნაბიჯით უკან", "სიკვდილი ღირსებისთვის", "კანონის ბოლომდე უგულებელყოფა...", "დაკანონებული სიკვდილი" - ასე ეხმაურება რუსული მედია რუსეთის დუმაში განხილულ კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში ორ პირს შორის დუელი კანონიერი იქნება.

gazeta.ru-ს ცნობით, კანონპროექტის ინიციატორი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა. მათივე ცნობით, დოკუმენტში განმარტებულია, რომ დუელი მხოლოდ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შორის იქნება დაშვებული.

"იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ჩვეულებრივ მოქალაქეს დუელში გაიწვევს, ამ უკანასკნელს შეუძლია უარი უთხრას და ეს მის ღირსებას არ შელახავს. იმავე ბარათის თანახმად, დუელის ინიციატორს უფლება აქვს, თავად აირჩიოს იარაღი და გამონაკლის შემთხვევებში, სროლის დისტანციაც განსაზღვროს... დუელში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ ქალებს, თუმცა, მათ შეეძლებათ თავიანთ ნაცვლად მათი ნდობით აღჭურვილი მამაკაცი გაგზავნონ... ასევე შეუძლიათ მოიქცნენ შშმ პირებს, 60 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე ასაკის ადამიანებს," - წერს გამოცემა.

კანონპროექტის ავტორებს არც მედია გამორჩენიათ. მართალია, ისინი საჯარო პირები არ არიან, მაგრამ მათთან აიგივებენ და სპეციალური პუნქტიც მიუძღვნეს - დუელის კოდი მედიის იმ წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც პიროვნების დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პუბლიკაციებზე მუშაობენ.

რუსული მედია წერს, რომ კანონპროექტს მხარდამჭერები ჯერ კიდევ მიღებამდე ჰყავს. დუელის პათოსს იზიარებს პარტიის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი ვიქტორ ზოლოტოვი, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის დუელში იწვევს, ამის მიზეზი ნავალნის განცხადება გახდა, სადაც მან ზოლოტოვს კორუმპირებული უწოდა.

"მართალია, სოციალურ ქსელებში ამ ინიციატივას იუმორით გაჯერებული კომენტარები მოჰყვა, მაგრამ სინამდვილეში ივანოვის იდეაში სასაცილო არაფერია. დუელის კოდექსი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძველია ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში არსებული პრობლემები, ასევე რამდენად მიუღებელია პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა და როგორი კორუფციული და უსარგებლოა სასამართლო სისტემა; ასევე არ არსებობს მედიასთან მუშაობის კულტურა," - წერს გამოცემა.

რუსი ჟურნალისტების თქმით, რუსეთი მედიის თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მხრივ ლიდერია, იქ არ არსებობს დაცული და თავისუფალი სიტყვის ცნება და დუელის შემოღების შემთხვევაში ვითარება ბევრად დამძიმდება.

მათივე განცხადებით, ვიქტორ ზოლოტოვი ერთ-ერთი ყველაზე არასაჯარო პერსონაა და ალბათ ცხოვრებაში პირველად ჩაწერა ვიდეომიმართვა.

"გასარკვევია, მართლა მან მოიფიქრა ეს იდეა, თუ ვინმე წაეხმარა, არ არის გამორიცხული ის ახალი პოლიტიკური ინტრიგების დასაწყისი გახდეს", - წერს გამოცემა და დასძენს, რომ რუსეთში სასამართლოს მიმართ ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს.

რუსულ რეალობაში დუელის შემოღებას უკვე გამოუჩდნენ მხარდამჭერები. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ზოლოტოვის გამოწვევას "მამაკაცური საქციელი" უწოდა, რომელსაც ნავალნი "სკოლის მშიშარა მოსწავლესავით გაურბის".

"არის რაღაც, რისთვისაც ღირს სიცოცხლის შენარჩუნება, ისე, როგორც სიკვდილი ღირს ღირსებისთვის... ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ძალების დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი მოიქცა როგორც თავისი სახელმწიფოს ღირსეული გენერალი და ოფიცერი, რასაც ვერ ვიტყვით არამზადა ნავალნიზე, რომელსაც ზურგსუკან ლაპარაკი სჩვევია," - აცხადებს კადიროვი life.ru-სთან საუბარში.

რუსეთის კრივის ფედერაციამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, დუელის მონაწილეთა ბრძოლას თავისი მოედანი დაუთმოს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ცილისმწამებლებს უნდა ებრძოლო".

მთავარი ფოტო: business-gazeta.ru

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე