ავტორი:

შსს: "ლიბერალის" რედაქტორზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

შსს: "ლიბერალის" რედაქტორზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ლიბერალის" რედაქტორ ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს - ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები.

ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა "ლიბერალის" რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი. ის სამართალდამცავი უწყების მიერ საქმის გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებს:

"ორი უცხადესი ვერსიაა: ერთი, ან გამოძიება ხელს აფარებს თავდამსხმელებს, ან საოცრად არაკვალიფიციურები არიან და ბრალის წაყენება არ შეუძლიათ.

რომელი უფრო საშინელი ამბავია, არ ვიცი. მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების შანსს ტოვებენ. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ - მეგობრებთან ერთად ასე ლაჩრულად და ნაბიჭვრულად არავის დავესხმები თავს და თავყბას არ გავუერთიანებ, აუცილებლად კანონის ფარგლებში ვაგებინებ პასუხს მასაც, და მისი ხელისდამფარებლებსაც.

მხოლოდ ჩემზე თავდასმხმა არ არის ეს, ეს ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე თავდასხმაა, კანონით დაცულ საზოგადოებაზე თავდასხმაა, და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. როგორც არამხოლოდ ამ შემთხვევის მონაწილე, არამედ, როგორც უბრალოდ მოქალაქე და ჟურნალისტი.

"უპატიოსნესი ბიჭია, არ არის ნასამართლევი, ნანობს და ბოდიშის მოხდა უნდა", თურმე" - წერს ვარდიაშვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს