ავტორი:

"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება" - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში

"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება" - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში

ოკუპირებულ სოხუმში, საბანკეტო დარბაზში Абырлаш უმისამართო სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინტერნეტ-გამოცემა Apsadgil.info-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, რა დროსაც დარბაზში ქორწილი იმართებოდა და სტუმრებმა დღესასწაულის აღსანიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

ინციდენტის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, 60 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ფეხმძიმედ იყო. ორივე დაჭრილი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ადგილობრივი "შსს-ს" ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, “ამ დრომდე იძებნება აფხაზეთში დაბადებული 33 წლის ხაგუშ ალხასი, რომელსაც ეკუთვნის იარაღი, საიდანაც საბანკეტო დარბაზში გასროლა მოხდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება”, - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახური.

დანარჩენების ვინაობის შესახებ, რომლებიც ასევე უმისამართოდ ისროდნენ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყების ე.წ. პრესსამსახურის განცხადებით, “ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება მამაკაცს, მას ჭრილობა კისრისა და ხერხემლის არეში აქვს მიყენებული. მას შემდეგ, რაც დაჭრილს სოხუმში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, სოჭის მე-4 საავადმყოფოში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა”.

ადგილობრივების მოსაზრებით, ის რომ ადგილზე შესაბამისი “ძალოვანი სამსახურების” წარმომადგენლები იყვნენ, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, რადგან მანქანების მარკებზე ეტყობოდათ, რომ გავლენიანი ოჯახის შვილები იყვნენ.

ქორწილის სტუმრებმა და მაყრებმა სროლა ჯერ კიდევ გზაში, ქუჩაში დაიწყეს. ამის ამსახველი კადრები ინტერნეტში ვრცელდება, მომხდარს ადგილობრივებისგან კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

მათივე თქმით, ე.წ. შს ყოფილი მინისტრი სპორტსმენებს, პატივისცემის ნიშნად, იარაღს ჩუქნიდა, რაც ძალზე არასწორი ქმედება იყო და ზოგადად, ასეთმა დამოკიდებულებამ რეგიონში მძიმე სიტუაცია შექმნა.

"იარაღის ტარება თითქმის ყველასთვის ნებადართულია, მალე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ტარებასაც დააკანონებენ. ველოდებით პარლამენტის კეთილ ნებას”.

“ქვეყანაში ლამის ყველას იარაღი აქვს. ეს ეხებათ კრიმინალებსა და საშიშ ადამიანებსაც, რომელთაც იარაღი კი არა, საწერ-კალამი არ უნდა ანდო და საინტერესოა, აბა რას ელოდით?.. რატომ გიკვირთ? შეხედეთ დღეს ვის აქვს იარაღი - ხუროს, ნარკომანს, დეპუტატს, სტუდენტს, თანამშრომლებს - ყველას ნებადართული აქვს მისი ტარება. თითქმის ყოველდღე ხდება იარაღის გამოყენება, მაგრამ არავინ არაფერი იცის, არავინ არაფერს ამბობს და არავის არაფერი ესმის. ხალხი დაიღალა ამ ყველაფრით. ან ყველას მიეცით მისი ტარების უფლება ან საფუძვლიანად აკრძალეთ”.

“მე გავიგე, რომ ქალი ფეხმძიმედ არის და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - მას ღვიძლი აქვს დაზიანებული. ასევე მძიმეა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კისრის არეშია დაჭრილი. იმ არასრულყოფილმა ვერც კი გააცნობიერა რა ჩაიდინა...”

“აფხაზები არასდროს ატარებდნენ იარაღს ქორწილებში და არც ისროდნენ. მხოლოდ მასპინძელი ისროდა თოფს სიხარულის ნიშნად - სულ ეს იყო”, - წერენ აფხაზები ინტერნეტში.

“იმ არაკაცის კისერზე იყოს არდაბადებული ბავშვის ცოდვა. როგორც გავიგე, ქალი ფეხმმძიმედ იყო და ბავშვი დაკარგა... დაჭრილი კაცი კი იცოცხლებს, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება... ასეთი დაუფიქრებელი საქციელის შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე სასჯელი მაინც უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, - საბუა, ხაჯიმბა თუ პუტინი... სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული “ბარდაკი” არასდროს დასრულდება”, - წერს კიდევ ერთი აფხაზი გენადი საბუა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი