ავტორი:

სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე

სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ ვრცელ კომენტარს "ინტერპრესნიუსთან" აკეთებს. სანიკიძის თქმით, განათლების მინისტრს მისი გათავისუფლების საფუძვლები არ ჰქონდა და განცხადებით მან თავად მიმართა.

„პირველი და მნიშვნელოვანი, რაც უნდა განვმარტოთ არის ის, რომ განათლების მინისტრს ჩვენი გათავისუფლების საფუძვლები არ ჰქონდა. გათავისუფლება მოხდა ჩვენივე გადაწყვეტილების ფარგლებში. გათავისუფლებისთვის ჩვენ მივმართეთ სამინისტროს და დავწერეთ განცხადებები პოზიციებიდან წასვლაზე იმიტომ, რომ ხელმძღვანელების გათავისუფლების საფუძვლები არის კანონში გაწერილი და ამის საფუძველზე ხალხის გათავისუფლება არ მომხდარა.

ჩემი პირადი განცხადების დაწერის საფუძველი გახდა ის, რომ არ იყო მინისტრთან თანამშრომლობითი პროცესი. მე ვერ დავინახე მის ხედვაში რა იგულისხმებოდა, ასევე ცენტრის განვითარების ეტაპები, აქედან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ პროცესებს ჩამოვშორებოდი. მინისტრს ალბათ, აქვს გარკვეული ხედვა და უნდა იმ გუნდთან მუშაობა, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სანიკიძემ.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, სანიკიძე ამბობს, რომ აქვს შემოთავაზება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ის განათლების სფეროში დარჩება.

„ჯერჯერობით ვყალიბდები, რა მიმართულებით და როგორ მინდა მუშაობის გაგრძელება. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სფეროს ნამდვილად არ შევიცლი, რადგან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოცდილების ისევ ამ სფეროში გამოყენება. კონკრეტულად სად, ამაზე უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდები.

საექსპერტო საქმიანობით ისედაც დაკავებული ვიყავი, ევროსაბჭოს ექსპერტი ვარ უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილში, აქ მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებ; რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, აქ ალბათ, ჯერ კიდევ უნდა ჩამოვყალიბდე. პერმანენტული სამუშაოს სფერო და კონკრეტული პოზიცია ჯერ არ შემირჩევია. არის შემოთავაზებები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა გადაწყვეტილება არ მიმიღია. სახელმწიფო სამსახურში ჩემი დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამავე დღეს გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მას უწყებაში პრობლემები დახვდა. კერძოდ, მისი თქმით, პრობლემები იყო გრიფირების პროცესთან და სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე

"პლაჟებზე დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირება" - ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით