ავტორი:

ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე აზარტული თამაშები შეუძლებელი იქნება

ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე აზარტული თამაშები შეუძლებელი იქნება

ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება, შესაძლოა, აიკრძალოს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ მიმართულებით ცვლილებები “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

ცვლილებების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

ამასთან, რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.

აღნიშნულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები შეადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

როგორც დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუწყობს აზარტული თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. მისივე თქმით, ასევე შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო