ავტორი:

"უბრალოდ გვაწვალებენ, ალბათ, დაგვცინიან კიდევაც" - თაკო სალაყაია მოითხოვს გაუმხილონ, ვინ არის მეუღლის მკურნალი ექიმი

"უბრალოდ გვაწვალებენ, ალბათ, დაგვცინიან კიდევაც" - თაკო სალაყაია მოითხოვს გაუმხილონ, ვინ არის მეუღლის მკურნალი ექიმი

არ ვიცი რატომ არ მიშვებენ ვანოს სანახავად. ჩემი აზრით, უბრალოდ გვაწვალებენ, ალბათ, დაგვცინიან კიდევაც, - ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ჟურნალისტებს კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიასთან“ განუცხადა.

მისი თქმით, ის ამ დრომდე ითხოვს მეუღლის ნახვას, თუმცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

როგორც სალაყაიამ აღნიშნა, მეუღლის ნახვის თაობაზე შესაბამის გამცხადებით მიმართა სასჯელაღსრულებას, რაზეც, სხვა კრიტერიუმებთან ერთად უთხრეს, რომ უნდა წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, რომ მას ნამდვილად შეუძლია ნახოს მეუღლე კლინიკაში. სალაყაია ამბობს, რომ ის ფიზიკურად ვერ წარადგენს ასეთ რეკომენდაციას, ვინაიდან ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი.

„მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ის კლინიკაში იყო გადაყვანილი, რა თქმა უნდა, მოვითხოვე მისი მონახულების უფლება. განცხადება შევიტანეთ, რაზეც დღეს გამცეს პასუხი და მომთხოვეს განმცხადებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მსჯავრდებულთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მკურნალი ექიმის დამადასტურებელი რეკომენდაცია. რომელი მკურნალი ექიმის, მე თვითონაც არ ვიცი. ზუსტად ამიტომ მინდა ვიკითხო, რომელი მკურნალი ექიმის დამადასტურებელი რეკომენდაცია სჭირდებათ?!

მინდა ვნახო, მაინტერესებს როგორ არის ფიზიკურად ჩემი მეუღლე. ამის უფლება რატომ არ მაქვს, ვერ ვხვდები. არასდროს ყოფილა ჩვენთან რამე შეთანხმებული, არც გამოკვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ, იქნებ, არ ვარ თანახმა იმ კვლევების და სხვა კვლევები უნდა გაიკეთოს“, - განაცხადა სალაყაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მეუღლის ნახვის საშუალება ციხეში თვეში ერთხელ აქვს, რომელსაც შუშის მიღმა ტელეფონით ეკონტაქტება.

„ბოლოს ვნახე სექტემბრის დასაწყისში. აგვისტოს დასაწყისში, რომ ვნახე შეუძლოდ იყო, ამიტომ სექტემბრის დასაწყისში, ადრევე მოვითხოვე მონახულების უფლება. ვერ სუნთქავდა, დეფორმირებული აქვს თვალი", - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს