ავტორი:

როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა

როგორ ცხოვრობს აშშ-ში კახი კავსაძის შვილიშვილი, რომელმაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პირველივე დღეს ფურორი მოახდინა

ირინკა კავსაძე 15 წელია აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს, პროფესიით მსახიობია. 10 წლის იყო, როცა საქართველო მშობლებთან ერთად დატოვა... უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი მინახავს, რომლებიც ქართულად გამართულად ვეღარ საუბრობენ, ირინკას კი ეს საფრთხე არ დამუქრებია - ქართულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ლაპარაკობს, რაშიც მშობლებს ემადლიერება:

"ამერიკაში სკოლაში რომ შევედი, ინგლისურის სწავლით ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, სახლშიც ამ ენაზე ვსაუბრობდი, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ქართული მავიწყდებოდა, შინ ინგლისურად ლაპარაკი ამიკრძალეს" - გვეუბნება ირინკა.

ჩვენი რესპონდენტი ცნობილი ოჯახის წევრია - მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილია, რითაც ძალიან ამაყობს. ბაბუა უზომოდ უყვარს და ამერიკაში ყოფნისას მუდმივად ენატრება. ირინკა საქართველოში დროებით, რამდენიმე თვით ჩამოვიდა, რადგან მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას. მისი პარტნიორი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. წყვილი ძალიან კარგად გამოიყურება ერთად და პირველივე შოუზე უკვე დაიმსახურეს მაყურებლის დიდი სიმპათია.

აი, რას გვიყვებოდა ირინკა ამერიკული ცხოვრების შესახებ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში:

"თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგანაც აქ დავტოვე ბევრი ახლობელი, მეგობარი, სკოლა და უეცრად ამერიკაში აღმოვჩნდი, რადგანაც ასე გადაწყდა, მამას იქ სამსახური შესთავაზეს. ოჯახი ჩავლაგდით და წავედით. ძალიან გამიმართლა, რომ ქართველი კლასელი მყავდა, რომელიც მივლიდა, რაღაც ისე მოხდა, რომ თითქოს მასზე ვიყავი მიბარებული, თუმცა, ვიმეორებ, ახალ ცხოვრებასთან შეგუება ძალიან მიჭირდა...

მერე ნელ-ნელა ენა ავითვისე, რითაც რაღაც ბარიერები დავძლიე, საქართველოს მონატრებას იმით ვიკლავდი, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, სადაც მხვდებოდნენ მეგობრები და რაც მთავარია, მხვდებოდა ბაბუ. ჩემთვის ყველაზე რთულია, როდესაც აქედან მივდივარ და მას აქ ვტოვებ. ეს ურთულესი რამ არის. ამიტომ, ვცდილობ, ხშირად მქონდეს კონტაქტი, მაგრამ იქიდან კავშირი, მასთან ახლოს ყოფნას არ ცვლის", - გვეუბნება რესპონდენტი.

"16 წლის ვიყავი, თან - ვსწავლობდი და თან - სპექტაკლებში ვთამაშობდი, მქონდა რეპეტიციები. სკოლა რომ დავამთავრე, მერე კოლეჯში დავიწყე სწავლა. ისე მოხდა, რომ 2012 წელს გასტროლებზე ჩამოვედით და კოლეჯიდან წამოსვლამ ადრე მომიწია. რომ დავბრუნდით, სამწუხაროდ, იქ სწავლა აღარ გავაგრძელე და ვიყავი თეატრში, როლებს ვთამაშობდი. წელს კი ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში მიმიღეს, სადაც ერთთვიანი საზაფხულო პროგრამა გავიარე. მართლა სასწაული იყო," - ამბობს გოგონა, რომლის ოჯახის წევრების მთავარი პროფესია მსახიობობაა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ თავითონაც ეს გზა აირჩია.

ორი წლის წინ ირინკას ოჯახმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ მიაჩნია, რომ მაინც ძალიან რთულია იქ ყოფნა, რადგანაც ცხოვრების ტემპი "რობოტულია":

"იქაურები სხვა რიტმით მოძრაობენ, სულ რაღაცას აკეთებენ, საქმიანობენ და ამ ყველაფერს თუ არ აჰყევი, ვერ იცხოვრებ, ვერ გადარჩები. ცხადია, რთულია, მაგრამ მერე ეგუები. ერთი თვე აქ რომ ჩამოვდივარ ხოლმე, ცხადია, არ მყოფნის, მაგრამ ბოლოს მზად ვარ, უკან დავბრუნდე, მუშაობა მინდება. ხომ გეუბნებით, უკვე მიჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას. მიუხედავად სირთულეებისა, ამერიკას ალღო ავუღე", - აღნიშნავს ირინკა წაიკითხეთ ვრცლად

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს