ავტორი:

"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - კახი კავსაძის 25 წლის შვილიშვილი ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - კახი კავსაძის 25 წლის შვილიშვილი ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

ირინკა კავსაძე 15 წელია აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს, პროფესიით მსახიობია. 10 წლის იყო, როცა საქართველო მშობლებთან ერთად დატოვა... უცხოეთში გაზრდილი არაერთი ქართველი მინახავს, რომლებიც ქართულად გამართულად ვეღარ საუბრობენ, ირინკას კი ეს საფრთხე არ დამუქრებია - ქართულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ლაპარაკობს, რაშიც მშობლებს ემადლიერება:

"ამერიკაში სკოლაში რომ შევედი, ინგლისურის სწავლით ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, სახლშიც ამ ენაზე ვსაუბრობდი, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ქართული მავიწყდებოდა, შინ ინგლისურად ლაპარაკი ამიკრძალეს" - გვეუბნება ირინკა.

ჩვენი რესპონდენტი ცნობილი ოჯახის წევრია - მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილია, რითაც ძალიან ამაყობს. ბაბუა უზომოდ უყვარს და ამერიკაში ყოფნისას მუდმივად ენატრება. ირინკა საქართველოში დროებით, რამდენიმე თვით ჩამოვიდა, რადგან აქ ერთ-ერთ პროექტში აპირებს მონაწილეობის მიღებას. იქამდე კი მისი ამერიკული ცხოვრების შესახებ გვიყვება:

"თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგანაც აქ დავტოვე ბევრი ახლობელი, მეგობარი, სკოლა და უეცრად ამერიკაში აღმოვჩნდი, რადგანაც ასე გადაწყდა, მამას იქ სამსახური შესთავაზეს. ოჯახი ჩავლაგდით და წავედით. ძალიან გამიმართლა, რომ ქართველი კლასელი მყავდა, რომელიც მივლიდა, რაღაც ისე მოხდა, რომ თითქოს მასზე ვიყავი მიბარებული, თუმცა, ვიმეორებ, ახალ ცხოვრებასთან შეგუება ძალიან მიჭირდა...

მერე ნელ-ნელა ენა ავითვისე, რითაც რაღაც ბარიერები დავძლიე, საქართველოს მონატრებას იმით ვიკლავდი, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, სადაც მხვდებოდნენ მეგობრები და რაც მთავარია, მხვდებოდა ბაბუ. ჩემთვის ყველაზე რთულია, როდესაც აქედან მივდივარ და მას აქ ვტოვებ. ეს ურთულესი რამ არის. ამიტომ, ვცდილობ, ხშირად მქონდეს კონტაქტი, მაგრამ იქიდან კავშირი, მასთან ახლოს ყოფნას არ ცვლის", - გვეუბნება რესპონდენტი.

ამერიკაში სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს, თუმცა ამ თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი".

"16 წლის ვიყავი, თან - ვსწავლობდი და თან - სპექტაკლებში ვთამაშობდი, მქონდა რეპეტიციები. სკოლა რომ დავამთავრე, მერე კოლეჯში დავიწყე სწავლა. ისე მოხდა, რომ 2012 წელს გასტროლებზე ჩამოვედით და კოლეჯიდან წამოსვლამ ადრე მომიწია. რომ დავბრუნდით, სამწუხაროდ, იქ სწავლა აღარ გავაგრძელე და ვიყავი თეატრში, როლებს ვთამაშობდი. წელს კი ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში მიმიღეს, სადაც ერთთვიანი საზაფხულო პროგრამა გავიარე. მართლა სასწაული იყო," - ამბობს გოგონა, რომლის ოჯახის წევრების მთავარი პროფესია მსახიობობაა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ თავითონაც ეს გზა აირჩია.

ორი წლის წინ ირინკას ოჯახმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ მიაჩნია, რომ მაინც ძალიან რთულია იქ ყოფნა, რადგანაც ცხოვრების ტემპი რობოტულია:

"იქაურები სხვა რიტმით მოძრაობენ, სულ რაღაცას აკეთებენ, საქმიანობენ და ამ ყველაფერს თუ არ აჰყევი, ვერ იცხოვრებ, ვერ გადარჩები. ცხადია, რთულია, მაგრამ მერე ეგუები. ერთი თვე აქ რომ ჩამოვდივარ ხოლმე, ცხადია, არ მყოფნის, მაგრამ ბოლოს მზად ვარ, უკან დავბრუნდე, მუშაობა მინდება. ხომ გეუბნებით, უკვე მიჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას. მიუხედავად სირთულეებისა, ამერიკას ალღო ავუღე", - აღნიშნავს ირინკა.

ოჯახზე საუბრისას კი ამბობს, რომ მათი დამსახურებით, ბავშვობიდან თეატრში უწევდა ყოფნა. მამა, ირაკლი კავსაძე "სინეტიკის თეატრში" მუსიკალური გამფორმებელი, რეჟისორის ასისტენტი და მსახიობია. დედა, ლია გორგილაძე სამედიცინო კომპანიაში საქმიანობს, მანამდე "ამერიკის ხმაში" მუშაობდა, ირინკას უმცროსი და მეთერთმეტეკლასელია. ბოლოს ბაბუაზე საუბარს ასე განაგრძობს:

"ხომ ვამბობ, როდესაც მას აქ ვტოვებ, ჩემთვის დიდი ტკივილია და ემოციურად განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ბავშვობიდან ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და დღემდეც ასე ვართ. რომ შემეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ-მეთქი. სანამ ამერიკაში წავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, დედაც მუშაობდა, მამაც და სკოლაში ბაბუას დავყავდი, საუზმეს მიმზადებდა, სკოლაში მაკითხავდა. მან გამზარდა და დღემდე მის მიმართ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს" - აღნიშნავს ირინკა.

გარდა იმისა, რომ კახი კავსაძე ირინკასთვის საყვარელი და მზრუნველი ბაბუაა, დიდი მსახიობია. შვილიშვილისთვის კი ეს ამბავი უპირველესად პასუხისმგებლობას ნიშნავს. უნდა, რომ ბაბუამ მისით ყოველთვის იამაყოს: "იქ რომ ვართ, იმხელა ქვეყანაში, მგონი, მეც და მთელი ოჯახიც ისე ვცხოვრობთ, გვინდა, კახიმ ჩვენით იამაყოს. თვითონ ძალიან დიდი შრომა აქვს თავის საქმეში ჩადებული".

რაც შეეხება ბებიას - უმშვენიერეს მსახიობ ბელა მირიანაშვილს, ირინკა მხოლოდ გადმოცემით იცნობს. ამბობს, რომ ეს თემა მისთვის ძალიან მძიმეა:

"მე რომ დავიბადე, 11 თვის გარდაცვლილი იყო. ბელა ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. ვგრძნობ, რომ მასთან რაღაც ძალიან ძლიერი მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვიცნობდი და არანაირი შეხება მქონია. ვფიქრობ, გარეგნულად საერთოდ არ ვგავარ, უფრო ბაბუას, თუმცა ბაბუს ჰგონია, რომ ბელას ვგავარ. ხომ ვამბობ, უხილავი ძაფებით რომ მასთან ვარ დაკავშირებული, ამას ნამდვილად ვგრძნობ.

მამიდა (ნანუკა ხუსკივაძე, - ავტ.) ამბობს, რომ ხასიათებით ბებიას ვგავარ. ამასთან, რამდენი ისტორია მომისმენია ბელაზე და არა მარტო ოჯახის წევრებისგან, უცხო ადამიანებისგან და ოჯახის მეგობრებისგან. ბელას და კახის ურთიერთობა ხომ სამაგალითო იყო, საოცარი წყვილი იყვნენ... თუკი ჩემში არის რაიმე მსგავსი, ამით მხოლოდ ვიამაყებდი" - დასძენს ირინკა.

ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ სწორედ მისი მამიდა, ცნობილი მსახიობი - ნანუკა ხუსკივაძე ყოფილა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან მსახიობობა გადაწყვიტა... თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მამა და ბაბუა რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ და პატარა ირინკა კულისებში იზრდებოდა, მამიდა იყო ქალი მსახიობი და მისთვის სამაგალითო, ვის გამოც ამ პროფესიაში ნაბიჯები გადადგა.

"არ მახსოვს რომელი წელი იყო, ჯერ კიდევ აქ ვცხოვრობდით და თეატრში "მარიამ სიუარტი" დადგეს, ნანუკამ ელისაბედ დედოფალი ითამაშა, მამაჩემიც თამაშობდა მაგ სპექტაკლში, ამიტომ სულ დავყავდი და ვუყურებდი. ნანუკა სპექტაკლში რომ ვნახე, გავგიჟდი, გადავირიე და მამას გამოვუცხადე, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. ამიტომ, მისით დღემდე გაოცებული და მოხიბლული ვარ" - ამბობს გოგონა და განაგრძობს, რომ ამჟამად მისი პირადი ცხოვრება თავიდან ბოლომდე თეატრს უკავშირდება.

25 წლის მსახიობი დაოჯახებას ჯერ არ აპირებს, რადგანაც მიაჩნია, რომ პროფესიულად მეტად უნდა განვითარდეს და კარიერაში წინ წავიდეს. ნიუ-იორკში სტელა ადლერის 2-წლიან სამსახიობო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას აპირებს, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში წასვლა და ფილმებში ძალების მოსინჯვა სურს, რადგანაც კინო ჯერჯერობით მისთვის ახალი და უცნობი სფეროა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ