ავტორი:

ზურა მორჩილაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის პოლიციელებმა სცემეს და ვიტალი საფაროვის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვეს

ზურა მორჩილაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის პოლიციელებმა სცემეს და ვიტალი საფაროვის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ზურა მორჩილაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ის სამართალდამცველებმა სცემეს და დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ მორჩილაძემ განუცხადა, ის ნამდვილად შეესწრო "ჩართულობისა და განვითარების ცენტრის" თანამშრომლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის ფაქტს, რაზეც სამართალდამცველებმა ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. ოფიცრის განმარტებით, აღნიშნულ მკვლელობის საქმეზე მისი დაკითხვის პროცედურა მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა და სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ ზეწოლის არანაირ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

ზურაბ მორჩილაძის განმარტებით, რატომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით "რუსთავი 2’"-ის ეთერით, არ იცის.

"რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტში რაც ვნახე, სრული სიცრუე და ცილისწამებაა. ჩემს მიმართ არავის განუხორციელებია არც ფიზიკური, არც მორალური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვეულებრივად, მოწმის სტატუსით დავიკითხე და ვუთხარი ყველაფერი, როგორც იყო. დიახ, იმ პერიოდში, ვიტალი საფაროვის მკვლელობისას იქ ვიმყოფებოდი, შევესწარი მკვლელობას და გამოძიებას, როგორც საჭიროა, ყველაფერი მოვუყევი. იმას, თუ რა ვუთხარი გამოძიებას, ვერ გავასაჯაროებ.

რის საფუძველზე გავრცელდა ასეთი ინფორმაცია არ ვიცი. პირადად ჟურნალისტს დავუკავშირდი და ვუთხარი ჩემი სათქმელი, რომ ეს სიუჟეტი არ უნდა გასულიყო, იმიტომ, რომ საერთოდ არ შეიცავს სიმართლეს. დაკითხვის პროცედურა ჩვეულებრივად, მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა და მე არანაირი ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია. რა სტანდარტული პროცედურაც იყო ჩასატარებელი, ის ჩატარდა, ჩვეულებრივად დავიკითხე და ვუპასუხე გამოძიების შეკითხვებს. არ ვიცი ასეთი ინფორმაცია, რატომ გავრცელდა, ეს ჩემთვისაც შოკი იყო. არაფერი მომხდარა. გავრცელებულ ინფორმაციას უარვყოფ", - განაცხადა ზურაბ მორჩილაძემ.

ამასთან აქვს, თუ არა გაუთქმელობის ვალდებულებაზე ხელი მოწერილი, ოფიცერი არ აკონკრეტებს. "ჩემი სათქმელი უკვე გითხარით“, - აღნიშნა ზურა მორჩილაძემ.

"ჩართულობისა და განვითარების ცენტრის თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.

"იგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჩართულობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს“, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს