ავტორი:

"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ეკა ჩხეიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, აქტიურად მუშაობს გახმოვანებაზე და კარიერასთან ერთად, ორი შვილის აღზრდითაა დაკავებული. მსახიობის თქმით, მისი შვილების მამასთან უკვე რვა წელია არ ცხოვრობს, არაფერს ნანობს, თუმცა ფიქრობს, რომ "შემთხვევით გათხოვდა" და ცოტა რომ დაფიქრებულიყო, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ეკა ჩხეიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა ოჯახურ ცხოვრებაზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ოჯახი თქვენთვის არის…

- ოჯახი აღარ მაქვს. რვა წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა სახლში, ევროპულად. ოღონდ დაშორებული არ ვართ. არც გვიჩხუბია, არც მიზეზი გვაქვს მაგის, არც მესამე პირი ჩარეულა და ვინმეს გამო არ მომხდარა. ასე გადავწყვიტეთ, რადგან იმდენად კარგად იყო ყველაფერი აწყობილი, დავარცხნილი, ეტყობა, ცოტა "დრაივი" გვჭირდებოდა, ცხოვრების გაფერადება, გადახალისება.

თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლო მეგობრები ვართ და დღემდე სხვა ასეთი დიდი სიყვარული არცერთს არ გვწვევია. მივხვდით, რომ ეს ყოველდღიურში გადავიდა რუტინულში, უინტერესოში და ვთქვით, იქნებ ცოტა ხანს დავშორდეთ და მერე თავიდან დავიწყოთ, იქნებ მონატრებამ რაღაც ახალი მოიტანოსო, მაგრამ ეს დაშორება ორივეს მოგვეწონა და გაგრძელდა.

თუმცა ეს არაფრით არ დატყობია ჩვენს ოჯახს, ჩვენს ურთიერთობას, მით უმეტეს ბავშვებს - არაჩვეულებრივი მამაა. დღემდე არავინ მირჩევნია მას და თვითონაც იგივე სჭირს. მივხვდი, რომ გავცივდი, აღარ მაქვს ლტოლვა. ერთმანეთთან ისე ვართ, რომ გაგიჟებულია ყველა, ამ დროს ცალ-ცალკე გვძინავს. ამ ზაფხულსაც დასასვენებლად ერთად ვიყავით, ოჯახით, შვილებით… ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრია. ოცი წელი ვიყავით ერთად და მე მგონი ძალიან დიდი დროა. მივხვდი, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, დავიშალეთ და გადავხალისდით. პატივისცემა და სიყვარული არ დავკარგეთ.

- შეიძლება, რომ ისევ ერთად იყოთ?

- ვერც წარმომიდგენია, იმიტომ რომ უკვე მეგობრები ვართ, შევეჩვიეთ ცალ-ცალკე ყოფნას. გაუთავებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. დიდ დროს ვატარებდით ჩვენს საქმეში. საღამოს ჩუსტებში, ტელევიზორთან ქმარი საერთოდ არ მინახავს. შეიძლება, ეს მობეზრებაც არ დადგა. ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდით... ცოლქმრობა არ იყო ჩემთვის ბორკილი და დადექი, სადილი გააკეთე. არ არის სადილი, ნუ არის, წავალთ, შევჭამთ კაფეში. "გრუზინული" კომპლექსი, რომ ცოლმა საჭმელი უნდა გააკეთოს და სახლში იყოს, არასდროს არ ჰქონია. ამიტომ გავძელი ამდენ ხანს, ამიტომ ვცემდი პატივს. მე მისთვის ვიყავი საყვარელი ქალი, შვილების დედა და არა, მონა და მოსამსახურე.

- დაოჯახება გინანიათ?

- შემთხვევით გავთხოვდი, თორემ მე რომ დავმჯდარიყავი და ამაზე მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი. ტრადიცია მგონია, რომ მაინცდამაინც უნდა გათხოვდე, შვილი გააჩინო, ეს მარწუხებია. შვილი ვისთანაც გინდა, გააჩინე, თუ კარგი ადამიანია, ის კარგი მამაც იქნება. მაინცდამაინც იმასთან დაიძინო, გაიღვიძო, დანახვა რომ აღარ შეგიძლია, რა სავალდებულოა. შეყვარებულობის პერიოდი კარგია, მერე იწყება კონფლიქტი და არეულობა, ამას ეს დისტანცია არ ჯობია? მომბაძეთ, უკონფლიქტოდ ვცხოვრობ აქამდე.

ხათუნა კორთხონჯია, ჟურნალი "თბილისელები"

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს