ავტორი:

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

ამ საოცარი ბიჭუნას ვიდეომ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქსაზოგადოება“ აღაფრთოვანა და ააფორიაქა. ეს არის ვიდეო, სადაც 5 წლის ნიკოლოზი უკრავს და დედასთან ერთად მღერის... ბიჭუნამ დაკვრა ძალიან პატარამ და თავისით დაიწყო, პირველად სრულყოფილად, 2 წლისა და 2 თვის ასაკში შეძლო ეს და გააოცა კიდეც ოჯახის წევრები. ნიკოლოზი მშობლების მესამე შვილია და მართლაც გასაოცარი უნარის მქონე ბავშვია. ნიჭიერი ნიკოლოზ თოხაძის ახლოს გასაცნობად AMBEBI.GE მის დედიკოს, ეკა უდესიანს ესაუბრა: „ვიდეომ ბევრი ადამიანის გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია, ცოტა კი გვიკვირს, მაგრამ ყველას მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვის... ნიკოლოზის ვიდეოს ატვირთვას უფრო იმიტომ ვბედავ ხოლმე, რომ რამე არ გამომრჩეს ბავშვთან დაკავშირებით და იქნებ ვინმემ რაღაც განსხვავებული მირჩიოს, შემომთავაზოს, რომ მისი მონაცემები არ დაიკარგოს... ნიკომ ნოტები არა თუ არ იცის, მას მხედველობის ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ თუ სერიოზულად არ ჩავერიეთ, ვერც ისწავლის... ბავშვი რეზუსკონფლიქტის შედეგად დაიბადა და ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა. ამან კი მხედველობის დიდი პრობლემა დაუტოვა, რადგან თავში ჩაქცევა ჰქონდა და მხედველობა დაუზიანა. ბავშვი შორს ვერ ხედავს, ახლოდანაც საგნებს ცუდად არჩევს, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ფერებსაც არჩევს, რაღაც პოზიტივები გვაქვს... გერმანიაში, ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც გვყავდა, სადაც ისევ დაბარებულები ვართ, 7 ოქტომბერს იქ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ შეზღუდვების და შეფერხების გამო რა იქნება, არ ვიცით. არადა, თუ მხედველობა არ გაუუმჯობესდა, ნიკო ვერც ნოტებს დაინახავს და შემდეგ წელს სკოლაში უნდა წავიდეს და დამოუკიდებლად ვერც კითხვას შეძლებს. ამიტომ ჩვენი გერმანიაში გამგზავრება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 100%-იან გარანტიას ვერ იძლევიან, მაგრამ გარკვეული წინსვლა ექნება. მხედველობა გაუუმჯობესდება,“ - აღნიშნავს ქალბატონი ეკა.

- როგორ და როდის გაარკვიეთ, რომ მუსიკალური სმენა ჰქონდა და პირველად როდის დაუკრა?

- ვიდეოც მაქვს, ერთი წლის ასაკში გადავუღე, როცა პიანინიოს უცნაურად უბრახუნებს, უსმენს და მივხვდით, რომ განსაკუთრებულად აინტერესებს მუსიკა. იმ პერიოდში მოცარტს აქტიურად ვუსმენდით და საერთოდ, რეპერტუარს ვურჩევდით, რისთვის მოესმინა... 2 წლის და 2 თვის იყო, რომ ვუთხარი, - დედიკო, „ფიფქები“ დაუკარი-მეთქი და ბავშვმა მაშინვე დაიწყო იმის სრულყოფილად გადმოცემა, რაც მინდოდა. ექსპრომტად ვიდეოც ჩავწერე. ეს არ არის რასაკვირველია სწავლის შედეგი, ეს არის სმენის დამსახურება. ხანდახან ვამბობ, ნიკოს 100%-იანი მხედველობა რომ ჰქონოდა, შესაძლოა, ინსტრუმენტით არც დაინტერესებულიყო. იმის გამო, რომ ცუდად ხედავს, ამიტომ ხმებით ერთობა და ძალიან უყვარს ყველაფერი ჟღერადი, მათ შორის, ინსტრუმენტი... როგორც წესი, ამ ასაკში ჩვეულებრივი ბავშვი, თუ განსაკუთრებული მონაცემები არ აქვს, ინსტრუმენტით ასე ნაკლებად ინტერესდება. ასე რომ, მხედველობის პრობლემაა მაპროვოცირებელი ნიკოს ფორტეპიანოთი დაინტერესების ამბავში.

- სხვა რა ინტერესები გამოავლინა?

- ბურთითაც თამაშობს, მანქანითაც და მაშინაც კი, რაღაც მუსიკას ღიღინებს. ჩემმა მეგობარმა მიაქცია ყურადღება - ზღვაზე ტალღებს უსმენდა და ტალღების ხმაზე რაღაც მუსიკა წაიღინაო... ასე რომ, რასაც უნდა აკეთებდეს, მუსიკას არ შორდება. მუსიკის მიღმა ძალან საყვარელი ბიჭია, ცოტა უცნაური. გურულია და აქვს საოცარი იუმორის გრძნობაც... ბევრ რამეში ვავარჯიშებთ, გვინდა, თავის ასაკს დავაწიოთ. მოკლედ, ბევრ რამეს ახერხებს, მაგრამ კიდევ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება, რომ ამ რეზუსკონფლიქტით მიღებული არაერთი ტრავმა რაღაცნაირად დავამარცხოთ და გავიმარჯვოთ.

- მუსიკოსს თუ მოუსმენია მისთვის?

- ათწლედის ხელმძრვანელი - თამუნა მიქაძე დაგვიკავშირდა, აქტიურად ადევნებენ მუსიკოსები თვალს. ათწლედში სიარული ჯერ მისთვის ადრეა, მაგრამ გამოგვიყვეს ძალიან კარგი პედაგოგი, თუმცა მასთან სიარულში კორონას ამბებმა ხელი შეგვიშალა. სიტუაცია რომ დასტაბილურდება, აუცილებლად ვივლით. ასევე გველოდება მაია მიქაბერიძე, ნიკომ სიმღერაზე უნდა იაროს, პატრიარქის ნათლულია და პატრიარქის ნათლულების გუნდში ივლის. ბაღშიც დადის... ხომ გეუბნებით, ასე ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო რესურსი გამოვძებნოთ, რომ საშუალება მივცეთ, რეალიზებული იყოს. განვითარების თერაპევტიც სჭირდება, რასაც მხედველობით ვერ ითვისებს, არადა, მისი შესწავლა საჭიროა, რომ ამის ათვისებაში დაეხმაროს. ბავშვის განვითარებაზე აქტიურად ვზრუნავთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. თუმცა აქამდე დაუჯერებლად ბევრი შეძლო იმ ისტორიის შემდეგ, რაც გამოიარა.

- ერთხელ რომ ააწყობს მელოდიას, ხომ არ ავიწყდება?

- არასოდეს... მერე თუ თვითონ არ უნდა, არ დაუკრავს. ცნობილ მედლოდიებს ხომ უკრავს და თვითონაც იგონებს რაღაცებს... მარტიდან სექტემბრამდე აგარაკზე, სურამში ვიყავით და იქ ინსტრუმენტი არ ჰქონდა. რომ დაბრუნდა, ჩვეულებრივად დაუკრა, თუმცა შესრულებაში შეცდომებიც აქვს, მაგრამ ამას გრძნობს და იქვე გამოსწორებას ცდილობს.

- ამ ყველაფერს, რასაც აკეთებს, თვითონ რამეს ხომ არ არქმევს?

- ცხადია, ჯერ არ იცის, პიანისტობა რას ნიშნავს... დილით იღვიძებს თუ არა, ჩემს ოთახში შემოდის და მეუბნება - „პიანინო დაუკლათ, ლა“? - ასე ეძახის. ეს დილის 8 საათზე ხდება. ვეუბნები, - მეზობლებს სძინავს, უხერხულია, ვთხოვ, ცოტა ხანს კიდევ მოიცადოს და ვცდილობ, ასე 10-ის ნახევრამდე მაინც მოვიყვანო. მოკლედ, დღე ინსტრუმენტის გარეშე რომ არ დაიწყოს, არ არსებობს...

- წინაპრებში ვინმე ხომ არ გყავდათ გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული?

- ალბათ მუსიკალურ ოჯახად ვითვლებით, შორს არ ვართ მუსიკასთან, ყველა მღერის და ღიღინებს, მეც რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ვუკრავ და ვმღერი, როგორც ყველას, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, პროფესიით ეკონომისტი ვარ... მოკლედ, მუსიკა ოჯახის სხვა წევრებსაც უყვართ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული უნარი არც ერთს გვაქვს და არც წარსულში ჰქონიათ... ხომ ვამბობ, ახლა მიშვნელოვანია, რომ ნიკო მუსიკაში განვითარდეს, მხედველობა უნდა გაუუმჯობესდეს. აქამდე მისმა ტვინმა თითქმის სრულიად დაუნახავად და დაკვირვების გარეშე შეუძლებელი შეძლო. ამიტომ, 7 ოტომბერს აუცილებლად უნდა ვიყოთ გერმანიაში!

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე