ავტორი:

“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით...” - სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით...” - სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

სოხუმში ე.წ. გრძელცხვირა მავნებლის გამო, პალმების გაჩეხვა დაიწყეს. ადგილობრივი ჟურნალსტების თქმით, მავნე მწერი იმდენად გავრცელებულია, რომ ქალაქის ქუჩებიდან უკვე ეზოებსაც მოედო. "ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ" კი გამოსავალი იპოვა - მწერისგან გამხმარი და დაავადებული პალმების მოჭრას შეუდგა.

“ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის” წარმომადგენლის საველი ჭითანავას თქმით, აზიურმა ფაროსანამ ხილ-ბოსტნეული და კულტურული ნათესები გაანადგურა, რის შემდეგაც ციტრუსს შეესია. მის კვალდაკვალ კი აფხაზეთში ზღვისპირა ქალაქებში გრძელცხვირა ხოჭო გამოჩდა, რომელიც ხის ქერქის ქვეშ ბინადრობს და საბოლოოდ, მცენარეს ახმობს.

“მძიმე ქიმიკატების გამოყენება არ შეგვიძლია, რადგან ამან შესაძლოა, ქვეყანაში ფლორა და ფაუნა გაანადგუროს... წელს მთელი ძალისხმევა ყავისფერი სუნიანი ხოჭოს შესამცირებლად იყო მიმართული. მთელი წელი თავდაუზოგავად ვმუშაობდით, ოჩამჩირის, გუდაუთის, ტყვარჩელის რაიონებში, თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავალი მაინც ვერ აიღო, რადგან სავარაუდოდ, ამ ხოჭომ გააჩინა სოკო მცენარეებში, ან უბრალოდ, მოუვლელობისგან გაჩნდა.

წელს მავნებელმა ბევრი მიმართულებით “გაგვანებივრა"... რამდენიმე დღის წინ, სოხუმში, ლეონის პროსპექტზე უზარმაზარი, ლამის საუკუნოვანი პალმების მოჭრა მოგვიწია და სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, რადგან “პალმის გრძელცხვირა", რომელიც ბოლო ხანებია სოხუმს უტევს, ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისგან დაავადებული ხე კი ვერ რჩება... ცენტრალურ ქუჩებზე მოჭრილს, ზღვის სანაპიროზე ყოფილი “სოვიტარის” მიმდებარედ გამხმარი ხეებიც დაემატება, რადგან მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელია. ამ მავნებელთან ბრძოლის ერთადერთი შანსია დაზიანებული ხის მოჭრა და დაწვა. ასე ვებრძვით მას გაგრასა და ცანდრიფშშიც”, – ამბობს ჭითანავა.

მისივე თქმით, მავნებელი აფხაზეთში სოჭიდან გავრცელდა. იქ კი სხვადასხვა გზებით შევიდა... მის ძირითად “სამშობლოდ” იტალია ითვლება, საიდანაც სხვადასხვა ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყანაში გავრცელდა. მას 2-დან 5 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლია.

ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზეთის “ხელმძღვანელობის” გადაწყვეტილებას, პალმების მოჭრასთან დაკავშირებით, უკიდურესად კრიტიკულად ხვდება.

“ერთადერთი, რის გამოც აფხაზეთში, გაგრსა და სოხუმში დამსვენებელი ჩამოდიოდა, ბუნება იყო და ისიც ვეღარ შეინარჩუნეს. პალმის მავნებელს ვეღარ უშველეს და მოჭრაში იპოვეს გამოსავალი. დღეს გამოვიარე, ათობით პალმა ეგდო გზის პირებზე. მთელ სოხუმში 20-მდე მოვჭერითო, არადა, 50-მდე მხოლოდ მე ვნახე. არავინ ვიცით, ხვალ სად გავიღვიძებთ, რა რეალობაში, მაგრამ მაინც ღრმად გვძინავს,” - წერს სოხუმელი ციური ანუა.

“ოქტომბერში ხომ აანონსებდა ეს უმსგავსო ოპოზიცია აქციებს ხელისუფლების დათხოვნის მიზნით, რას ელოდებიან, ფული აიღეს?!. არ მჯერა, ჩვენ არ გვყავს კორუმპირებული კადრები... უკვე დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას არასდროს ეშველება, მაგრამ ვერც სინათლეს ვხედავ გვირაბის ბოლოს,” - წერს ირაკლი სუხუმსკი.

“გაიარეთ სანაპიროზე ქალაქიდან ერთი-ორი კილომეტრის იქით, დაბომბილია მთელი ნაპირი, - ვინმე აკონტროლებს რა რაოდენობით თევზს იჭერენ ამ ქვეყანაში ბრაკონიერები ან სად მიაქვთ, ვის მიაქვს, რითი იჭერენ და ან წლის რა დროს?.. აფეთქებების გამო დაყრუებულია მოსახლეობა და სანაპიროზე ათმეტრანი ორმოებია გაჩენილი. ავდგეთ და ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით და ვიდრე სულ გაპარტახებულა, სხვა მაინც გამოიყენებს,” - წერს ალხაზ წვინარია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი