ავტორი:

როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?

როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ცოტა ხნის წინ გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული რუსი ბიზნესმენის, მაქსიმ იაკოვლევის გარშემო ხმაური არ წყდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის გათავისუფლებაში ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მონაწილეობდა.

საუბარია 30 ივლისის ღამეს ახალ ათონში Afon Resort Hotel-იდან გატაცებულ ბიზნესმენზე მაქსიმ იაკოვლევზე, რომლის ნომერშიც ე.წ. სამართალდამცავებმა დამტვრეულ ავეჯზე სისხლის კვალიც აღმოაჩინეს. იაკოვლევის ცოლმა კი, ათი დღის შემდეგ, ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ბიზნესმენის გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით - 200 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. მაშინ ამ ფაქტით შეძრწუნებული აფხაზები ამბობდნენ, რომ ასეთი ფაქტები "ქვეყნის იმიჯზე უფრო ცუდად აისახებოდა". რამდენიმე დღის წინ იაკოვლევი საეჭვო ვითარებაში გაათავისუფლეს.

ამ დღეებში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას დახმარებისთვის მაქსიმ იაკოვლევის ნათესავები დაუკავშირდნენ.

"მე ვუბრძანე ჩეჩნეთის რესპუბლიკის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს შეესწავლა ეს საქმე. ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ მან ეს შეძლო და იაკოვლევი ახლა თავისუფალია. თუმცა, მე ჩემი პირობები მქონდა, რომელსაც შევასრულებ და დეტალებს არ გავამხელ, ვერც იმაზე ვიტყვი, რა მიზეზით გაიტაცეს ბიზნესმენი. ის საბჭოთა აფხაზეთის დროინდელ ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა. მე მას სწრაფ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას ვუსურვებ. ასეთი უსიამოვნო ისტორიები რუსეთის მეგობარ ქვეყნებთან ჩვენს კარგ ურთიერთობებს ვერ შეარყევს", - აცხადებდა კადიროვი.

აფხაზი ანალიტიკოსების თქმით, რამზან კადიროვი ცდილობს ამ ხმაურიანი განცხადებით ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი მნიშვნელობა წარმოაჩინოს. რამდენიმე დღის წინ, ასევე კადიროვის ბრძანებით, ჩეჩნეთის ნაციონალური პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა, დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ კასპიისკში დაკარგული 8 წლის გოგონა იპოვა, რომელიც ასევე საეჭვო ვითარებაში იყო გაუჩინარებული.

რუსული მედიის ცნობით, იაკოვლევის გვარი 90-იანი წლების დასაწყისში ვაუჩერების გადაყიდვასთან დაკავშირებით გახმაურდა. მისი კომპანიის საკვები პროდუქტების შეფუთვის ნახვა ახლაც შეიძლება რუსეთის თითქმის ყველა მაღაზიაში, შოკოლადის, ჩიპსებისა თუ ცხოველების საკვებზე. მას, ფაქტობრივად, ამ ბიზნესის მონოპოლია ჰქონდა, ამიტომაც ბიზნესმენს "ცნობილი რეიდერი და საერთაშორისო აფერისტი" შეარქვეს.

2013 წელს ის ყირგიზეთში, სხვისი უძრავის ქონების მითვისების გამო, ინტერპოლის ხაზით ძებნილად გამოაცხადეს. გამოძიების ცნობით, მან ყოფილ პარტნიორს ოლეგ პობედოვს ბიშკეკში, პოლიგრაფიული კომპლექსის წარმოებაში 40 მილიონი რუბლის ზარალი მიაყენა. მას შემდეგ ის ტაილანდში დაღუპულადაც გამოაცხადეს, თუმცა რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის სხვა რესპუბლიკებში შეძლო და "აღსდგა".

"სწორედ ასეთი "ბექგრაუნდის" მქონე პერსონა იყო ჩამოსული აფხაზეთში ბიზნესგარემოს შესათვალიერებლად. 7 ოქტომბერს აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა განცხადა, რომ მას გუდაუთის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ილაპარაკებდნენ. შემდეგ მისმა მეუღლემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს ვერ შეხვდებოდა. ეჭვებს, კადიროვისა და 90-იანი წლების შავბნელი პერსონების კავშირების შესახებ არსებობის უფლება აქვთ", - წერს აფხაზური მედია.

ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, საინტერესოა თუნდაც ის ფაქტიც, რომ კადიროვი ჩეჩნეთიდან აგვარებს საქმეს აფხაზეთში - ის პოულობს გუდაუთის ტყეში ადამიანს, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ გოჯა აფხაზეთში ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ პოულობენ. საქმე ის არის, რომ კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას იაკოვლევის ნათესავები დახმარებისთვის დაუკავშირდნენ, მისმა ცოლმა უარყო, ისევე, როგორც ჩეჩნური მედიის მიერ გავრცელებული სამადლობელი წერილი, სადაც პეტერბურგელი ბიზნესმენის ნათესავები "რამზან კადიროვს დახმარებისთვის მადლობას უხდიდნენ".

აფხაზები სოციალურ ქსელში ირონიითაც წერენ, რომ იქნებ ხაჯიმბას “ხელმღვანელობამ” კადიროვს სხვა პრობლემების მოსაგვარებლადაც მიმათონ, მაგალითად, "გზებზე უკონტროლო ავტოსაგზაო შემთხვევების, ნარკოდანაშაულის, შსს-ში კადრების შესარჩევად... - იქნებ 100 ღირსეული ადამიანი გამოგვიგზავნოს, რომ ქვეყანას ეშველოს".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი