ავტორი:

ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი

ძუ ლომმა საკუთარი ბოკვერების მამა მოკლა - რატომ არის ინციდენტი მეცნიერებისთვის შოკისმომგვრელი

ძუ ლომმა საკუთარი შვილების მამა მოკლა, BBC წერს, რომ ექსპერტები ინციდენტს შოკისმომგვრელად აფასებენ.

ლომების წყვილი ინდიანაპოლისის ზოოპარკში ერთსა და იმავე გალიაში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მანამდე ერთმანეთის მიმართ აგრესია არ გამოუვლენიათ.

რატომ დაესხა თავს ძუ ლომი პარტნიორს - BBC ექსპერტებს სავარაუდო მიზეზებზე ესაუბრა.

12 წლის ზური 10 წლის ნიაკს დაესხა თავს, ზოოპარკის თანამშრომლებმა მათი დროულად გაცალკევება ვერ შეძლეს. ნიაკი ზურიმ გაგუდა, თავად კი უვნებლად გადარჩა.

ზოოპარკში ამბობენ, რომ მომხდარს საფუძვლიანად შეისწავლიან.

პროფესორი ქრეიგ პეკერი, რომელიც მინესოტას ლომების შემსწავლელ ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თავდასხმა უპრეცედენტო იყო.

„ვიცით შემთხვევები, როდესაც ხვადი ლომები კლავდნენ ძუ ლომებს, ასევე - ძუების ჯგუფი დევნიდა ხვადებს, თუმცა ძუ ლომს რომ მოეკლა ხვადი პარტნიორი, არასოდეს გამიგია“.

ის მიიჩნევს, რომ შემთხვევა ლომების ინდივიდუალური თავისებურებებით არის გამოწვეული.

ველურ პირობებში ხვადი ლომები აბსოლუტური დომინანტები არიან. ნიაკი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, რამაც, პეკერის აზრით, უფრო დაუცველი გახადა. მისგან განსხვავებით, ზური უფრო ძლიერი და დომინანტი იყო, ვიდრე სხვა ძუ ლომები. ის პარტნიორზე მხოლოდ 11 კგ-ით ნაკლებს იწონიდა, როგორც წესი, ხვადი ლომები 150- 260 კგ-მდე იწონიან, ნიაკი კი 147 კგ იყო.

„თუ ეს შეუფერებელი პიროვნული თავისებურებებით იყო განპირობული, შესაძლოა, არსებობდეს რისკი, იგივე მოხდეს გალიებში მყოფი სხვა ლომების შემთხვევაშიც,“ - აღნიშნავს ქრეიგ პეკერი.

მისივე თქმით, ვიდრე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდება, მიზეზებზე საუბარი რთულია.

რამდენად უცნაურია ასეთი საქციელი ლომებისთვის

ექსპერტი პოლ ფანსტონი იზიარებს პეკერის აზრს, რომ ზურის მოქმედება გასაოცარი და მოულოდნელია. მისი თქმით, ველურ პირობებში ძუ ლომების ჯგუფი თავს ესხმის ხვადებს, თუმცა ამისი მიზეზი საკუთარი ბოკვერების, ანდა ტერიტორიის დაცვაა, თუმცა ფანსტონი ამბობს, რომ არასოდეს უნახავს მსგავსი ინციდენტი მამრის სიკვდილით მთავრდებოდეს.

მეცნიერის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ზური, რომელსაც ზოოპარკის ადმინისტრაცია „ყურადღებიან და მზრუნველ დედად“ აფასებს, ნიაკმა შეაშინა, ბრძოლაც ამის გამო დაიწყო. ზურის ბუნებრივმა ინსტიქტებმა სძლია და, ფანსტონის აზრით, სწორედ ამიტომ დასრულდა ინციდენტი პარტნიორის სიკვდილით.

„ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ლომებში. არასოდეს იცი, რა მოხდება კონკრეტულ მომენტში. სწორედ ამიტომ არიან საინტერესო ცხოველები,“ - ამბობს ფანსტონი.

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"