ავტორი:

შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ.

იხილეთ ვიდეო

ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“, - განაცხადა საბანაძემ.

შს მინისტრის მოადგილეს, დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ სახლიდან გუშინ შუადღისას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს