რუსეთში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა აპაკია, იგივე "მამუკა სუხუმსკი" დააკავეს. ის რუსეთში არსებულ კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა. გარდა რუსეთისა აპაკია დიდი გავლენებით სარგებლობდა სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მას პოლიტიკაშიც ჰყავდა საყრდენი პირები...
ინტერნეტგამოცემა Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი კრიმინალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ფიტნესკლუბიდან გამოდიოდა. მისი დაკავების ოპერაციაში რუსეთის შს სამინისტროს პოლიციის გენერალი ვლადიმირ კოლოკოლცევი მონაწილეობდა.
მამუკა აპაკია წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ სოხუმიდან არის. 90-იანი წლების შემდეგ ის რუსეთში ცხოვრობდა. "კანონიერი ქურდის" სტატუსი მან 1993 წელს, გავლენიანი ნათესავის, კრიმინალურ სამყაროში "აპაკელას" ზედმეტსახელით ცნობილი, ბორის აპაკიას გავლენებითა და დამსახურებით მიიღო. უფროსი თაობის აპაკია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე კაზინოსა და რესტორნის მფლობელია. ადგილობრივი მედიის ცნობით, "ბორის აპაკიას ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და პოლიციასთან საკმაოდ დალაგებული და მოწესრიგებული ურთიერთობა აქვს".
მისგან განსხვავებით, მამუკა აპაკიას წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა ადგილობრივ პროკურატურასთან, სასამართლოსა და ძალოვან უწყებებთან. ის არაერთხელ არის ნასამართლევი და ციხეში ყოფნის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს.
"ის თავისი თაობის "კანონიერ ქურდებში" ძალიან დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობს... ბოლო დროს, მას ძალოვანებთან ურთიერთობები დაეძაბა. შესაბამისად, ცდილობდა რომ ოპერატიულ მუშაკებს თვალში არ მოხვედროდა, თუმცა როგორც ჩანს, მასზე მაინც ნადირობდნენ..." - წერს გამოცემა Прайм Крайм.
ბოლოს, მამუკა აპაკია მოსკოვში 2012 წელს, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტთან, აჰმედ სუტულიმთან და ინგუშ ე.წ. კანონიერ ქურდთან აჰმედ ევლოევთან ერთად საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ შეკრებაზე დააკავეს... არსებული ცნობით, ის ძირითადად იტალაში ცხოვრობდა და "იდეოლოგიურად ახლოს არის "დედ ჰასანთან"... მეტიც, აპაკიას მის ხელქვეით კრიმინალსაც კი უწოდებდნენ...
რუსული მედია ასევე წერს, რომ სოხუმელი აპაკია ძალიან პოპულარული იყო ქალებშიც და რამდენიმე ფიქტიური ქორწინებაც აქვს. მას წილები აქვს ქალაქ ჟუკოვსკის ავტოგასამართ სადგურებსა და რეუტოვოს კაზინოებში.